საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ -ივლისში ქვეყნებს შორის 1.056 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 945.872 მლნ აშშ დოლარის.
წლევანდელი მაჩვენებლით, ჩინეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის - თურქეთის, რუსეთისა და აშშ-ს შემდეგ, მეოთხე ადგილზეა.
ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში, ჩინეთიდან ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ივლისში 880.291 მლნ აშშ დოლარის ჩინური პროდუქცია შემოვიდა, რაც 15 წლის განმავლობაში (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები ამ პერიოდიდან არის გამოქვეყნებული) რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2009 წელს ჩინეთიდან საქართველოში 76.887 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, მას შემდეგ მონაცემები იზრდება.
როგორც „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ჩინეთიდან შემოსული პროდუქცია ძირითადად ადგილობრივი ბაზრისთვის არის განკუთვნილი.
ამასთან, პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ჩინეთიდან ტვირთები იმდენად არის გაზრდილი, თბილისის საკონტეინერო ტერმინალს მათი დასაწყობება უჭირს.
„ჩინეთიდან საქართველოში საკონტეინერო ნაკადი ნამდვილად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს ყველაფერი ფიქსირდება თბილისში არსებულ საკონტეინერო ტერმინალზე, სადაც ადგილებიც კი აღარ არის, მიღებული კონტეინერების დასასაწყობებლად და საკონტეინერო ტერმინალი ეძებს სხვა ალტერნატიულ ადგილებს. პირველი, რაც მნიშვნელოვნად მეჩვენება, არის ის, რომ ალბათ, დადებითად იმოქმედა საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების სისტემის მოქმედებამ. ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობები. ალბათ, ეს საქართველოში ჩინური პროდუქციის მოხმარების, გადაზიდვების ჯაჭვის გაიოლებასთან არის დაკავშირებული. მითუმეტეს, ჩინური პროდუქცია ძირითადად საქართველოს მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ ტრენდს უნდა დავაკვირდეთ.
მე ვფიქრობ, იმპორტის ასეთი ზრდა ლოგისტიკური ჯაჭვების გაიაფებას და ნებართვების მიღებას უკავშირდება. ამასთან, ძალიან ბევრი რეკლამაა ჩინეთიდან ტვირთების წარმოებასთან დაკავშირებით.
2 კვირის წინ მქონდა თბილისში ერთ-ერთ საკონტეინერო ტერმინალთან საუბარი და მათ მითხრეს, რომ ადგილებიც კი არ აქვთ ამ ტვირთების დასალაგებლად. ამიტომ, აბსოლუტურად რაციონალური იქნება, თუ სატერმინალო ქსელის განვითარება მოხდება, თბილისში იქნება ეს თუ მის შემოგარენში,“- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, უჯობესია თუ რკინიგზიდან მიღებული ტვირთებისთვის სხვა ტერმინალები მოეწყობა, თუმცა ეს საკანონმდებლო ჩარევის გარეშე, შეუძლებელია.
„მე ვფიქრობ, რკინიგზასთან მიმართებით, ნამდვილად აქტუალურად მეჩვენება ტერმინალების გაფართოების საკითხი. უბრალოდ, სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ჩვენს რკინიგზას არ აქვს უფლება, კერძო ოპერატორს მისცეს ტერმინალის მშენებლობის ნებართვა და ეს საკითხები არის დასარეგულირებელი,“- აღნიშნა პაატა ცაგარეიშვილმა.