ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა. აუქციონის შედეგების მიხედვით, შენობა 9450000.00 USD (21766185.00 GEL) გაიყიდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭანტურიას ქუჩა #12-ში არსებული შენობა, რომელშიც თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული, პირობიანი აუქციონის ფორმით ა/წ 29 მაისს გასაყიდად გამოიტანა.

უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვ.მ. და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვ.მ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული. "ძირითადი საინვესტიციო ვალდებულებაა მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება", - განაცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.