რა ეტაპზეა და როდის დასრულდება საქართველოში მიმდინარე ოდა სახლების პროექტი

„ეკო ტურიზმის ასოციაცია“ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით დასავლეთ საქართველოში ოდა სახლების პროექტს ახორციელებს.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ილია ოქრომელიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

პირველ ეტაპზე მიმდინარეობს სამიზნე რეგიონებში, კერძოდ, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში ტრადიციული ოდა სახლების მოკვლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ შერჩეული ოდა სახლები ტურიზმში უნდა იყოს ჩართული, ან უნდა გააჩნდეთ სურვილი და პოტენციალი.

საბოლოოდ, ამ სამ რეგიონში აღმოჩენილი ტურისტულად საინტერესო ობიექტები ოდას ერთიან მარშრუტში გაერთიანდებიან.

„შერჩევის შემდგომ დაგეგმილი გვაქვს ტრენინგები აღნიშნული ობიექტებისთვის. გვაქვს დახმარება ბრენდირების ნაწილში და სხვა მიმართულებით. ოდა სახლების ერთიან მარშრუტში გაერთიანების შემდეგ, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ოდა სახლების კულტურული მარშრუტის ფარგლებში მოინახულონ სამ რეგიონში არსებული სხვადასხვა ტიპის ობიექტი, სადაც შეეძლებათ ისარგებლონ როგორც განთავსებით, ისე კვებითი მომსახურებით, მასტერკლასებითა და იმ ტურისტული შეთავაზებებით, რომლის გაწევაც ამ ტიპის ობიექტებს შეუძლიათ,“ - აღნიშნა ილია ოქრომელიძემ.

პროექტის ბიუჯეტი 250 ათას ლარს შეადგენს. ოდა სახლების ერთიან მარშრუტში გაერთიანების დასრულება 2025 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი დონორების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ოქრომელიძეს ვკითხეთ, რაიმე სახის პრობლემა შეექმნათ თუ არა.

„ჯერ-ჯერობით პრობლემა არ შეგვქმნია, მაგრამ რისკები არსებობს“, - განაცხადა ილია ოქრომელიძემ.

მერი ტაბატაძე