გიორგი აბაშიშვილი: მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტები ეროვნულ ბანკზე პრემიერს მიმართვას უგზავნიან

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ერთობლივ მიმართვას უგზავნიან.

როგორც აბაშიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, მიმართვაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა არ მოახდინოს.

"მინდა გაგაცნოთ დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ეს შეეხება ოთხი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის – საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივ მიმართვას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოახდინონ საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არგუმენტები, რომლებიც საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკიდან გატანასთან დაკავშირებით არის გაჟღერებული, არადამაჯერებელია... თუ არ იქნა დასაბუთებული, რატომ ხდება ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა, კანონპროექტის არანაირ დეტალურ განხილვას აზრი არ აქვს, რადგან საკითხის მთავარი ღერძი სწორედ ესაა. ცვლილებების მიზეზის დასაბუთებაა მთავარი, თორემ კანონი რა დეტალურ ინტერპრეტაციას მიიღებს, ამას თითქმის აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა, რაც გულისხმობს საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში ყოფნას", - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართვაში ხაზგასმითაა აღნიშნული ბოლო წლების გამოცდილებაც, რომლის მიხედვითაც ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საბანკო ზედამხედველობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთი ქოლგის ქვეშ ყოფნა უმჯობესად იქნა მიჩნეული. "დიახ, საზედამხედველო სამსახური გაყოფილია რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გაყოფის ტენდენცია ფუნდამენტურ შეცდომად იქნა მიჩნეული, რადგან საფინანსო ზედამხედველობის, საბანკო ზედამხედველობისა და მონეტარული პოლიტიკის განცალკევების პირობებში, ვერ ხდებოდა ფინანსურ კრიზისთან ეფექტიანი გამკლავება. ამიტომ მიჩნეულ იქნა, რომ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საბანკო ზედამხედველობა და მონეტარული პოლიტიკა ერთი ქოლგის ქვეშ უნდა იყოს. სწორედ ეს არის აღნიშნული ამ განცხადებაშიც, რომელსაც ეკონომიკაში ოთხი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს", - განმარტა პრეზიდენტის მრჩეველმა.