2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით შემცირდა. წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 1.607 მლრდ დოლარის 104 845 ერთეული ავტომობილი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1.876 მლრდ დოლარის 123 410 ერთეული.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია ბაზარზე მოთხოვნა მეორად და ახალ ავტომობილებზე. როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, საქართველოში უმეტესად მეორადი ავტომობილები იყიდება.
„საქართველოში შედარებით მცირე ბაზარია ახალი ავტომობილების (რასაც სალონიდან გამოყვანილი ავტომობილი ჰქვია). ამჟამად უფრო მეორადზეა ორიენტირებული როგორც შიდა ბაზარი, ისე რეექსპორტი. თუმცა, რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილებსაც ჰყავს თავისი მომხმარებელი,“ - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ამასთან, ნონიაძე იმპორტის შემცირების მიზეზებსაც განმარტავს. მისი თქმით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ გასულ წელს იმაზე გაცილებით მეტი ავტომობილი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე მოთხოვნა იყო, რამაც ბაზრის გაჯერება გამოიწვია.
„წინა წელი საკმაოდ მეტი იყო მიწოდება, ვიდრე მოთხოვნა, დაახლოებით, 60 ათასი ერთეულით მეტი ავტომობილი შემოვიდა, რამაც ბაზარი მნიშვნელოვნად გაჭედა. მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში იმპორტი იკლებს და ეს ტენდენცია გრძელდება, იმიტომ რომ მოთხოვნამ მიწოდება უნდა დააბალანსოს“, - აღნიშნავს ნონიაძე.
რაც შეეხება ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობას, „საქსტატის” მონაცემებით, მიმდინარე წელს 1.72 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, 2.9%-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 1.68 მილიონზე მეტი ავტომობილი ფიქსირდებოდა.