უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები დღეს კიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დღეს ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები კიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს. მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 27 ივნისიდან მგზავრებს ქუთაისი-კიევის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეეძლებათ. ავიაბილეთის საფასური ორი გზა 136 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო აეროპორტის ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეუძლიათ.

ავიარეისის დაწყებასთან დაკავშირებით, 5 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების დირექტორი იური მიროშნიკოვი, ავიაკომპანიის პრეზიდენტი სერვისებისა და ლოჯისტიკის დარგში სერგეი ტელპიში და დირექტორი სერვისებისა და არაბაზირებული აეროპორტების დარგში ირინა კაბოლინა. სტუმრები შეხვდნენ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს ქეთევან ალექსიძეს. მხარეებმა შეხვედრებზე საქართველოსა და უკრაინის შორის საავიაციო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.