მსოფლიოში ჭარბი ტურზმით ყველაზე დატვირთული მიმართულება ავსტრიაა, სადაც ყოველ ადგილობრივ მცხოვრებზე, თითქმის, ოთხი ტურისტი მოდის. ამის შესახებ MoneyTransfers.com-ის კვლევაში წერია, რასაც The Independent ავრცელებს.
ამით ავსტრია ესპანეთსა და საბერძნეთს უსწრებს, ქვეყნებს, სადაც ჭარბი ტურიზმი ქალაქის ხალხმრავალი ქუჩებიდან დაწყებული, მათი ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნების რისკებით დამთავრებული, ბევრ პრობლემას იწვევს.
ავსტრია, ამ ქვეყნებთან შედარებით, პირველ ადგილს ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტების თანაფარდობით იკავებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოველ მოქალქეზე 3.6 ტურისტი მოდის.
ავსტრიის მოსახლეობა მხოლოდ 9 მილიონს შეადგენს, თუმცა ქვეყანა ყოველწლიურად 32 მლნ ტურისტს იღებს. მათი უმეტესობა ვენაში ჩადის. ტურიზმის საქალაქო სამმართველოს მონაცემებით, 2022-2023 წლებში ვენაში ღამისთევის ჯავშნები 31%-ით გაიზარდა და 17.3 მილიონს მიაღწია.
ტურისტებს, ასევე, იზიდავს ავსტრიის ალპებში, ზალცბურგის მახლობლად, ზალცკამერგუტის მიწის პატარა ქალაქი, ჰალშტატი, რომელიც ამავე სახელწოდების ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ჰალშტატს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ქალაქში, სადაც მხოლოდ 800 ადამიანი ცხოვრობს, პანდემიამდე ქვეითი ტურისტების რაოდენობა დღეში 10,000-ს აღწევდა. ამის გამო ჰალშტატის მერმა ავტობუსებისა და ავტომობილების რაოდენობაზე, რომლებსაც ტურისტები გადაჰყავდა, შეზღუდვები დააწესა. ამასთან, ტბის ერთ-ერთი თვალწარმტაცი ხედის დასაფარად, სადაც ტურისტები „სელფებს“ იღებენ, ღობე აშენდა. თუმცა სოციალურ ქსელებში უარყოფითი რეაქციის შემდეგ ღობე ისევ დაშალეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ