საქართველოში საშუალო ხელფასი 200 ლარით გაიზარდა და 2 ათას ლარს აჭარბებს - „საქსტატი“

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5 პროცენტით);
  • მშენებლობა - 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8 პროცენტით).

„2024 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2024 წლის მე-2 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 190.7 ლარით (10.0%) გაიზარდა და 2 105.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.1 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 289.2 ლარი, გაიზარდა 13.6 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.

2024 წლის მე-2 კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 216.7 ლარით (13.5%) გაიზარდა და 1 826.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.