„რას ითხოვენ ჩინელები ასეთს, რატომ არ ხდება ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმა“ - რომან გოცირიძე

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ანაკლიის პორტის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის წინ ჩინური კომპანია პორტის პროექტში გამარჯვებულად გამოვლინდა, თუმცა ხელშეკრულება დღემდე არ გაფორმებულა.

გოცირიძე სვამს კითხვას, რატომ ჭიანურდება ხელშეკრულების დადება.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ერთი წელი გავიდა, რაც ფაქტობრივად ცნობილია, თუ ვინ იქნება ანაკლიის პროექტში ინვესტორი. რამდენიმე თვის წინ ჩინური კომპანია ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებულად, მიუხედავად ამისა, ეს ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.

რატომ არ ხდება ანაკლიის პროექტში მონაწილე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, რას ითხოვენ ისეთს ჩინელები, რომ ეს ხელისუფლებაც კი ვერ ბედავს წინასაარჩევნოდ მასზე დათანხმებას? „არჩევნები გადაგვაგორებინეთ“ - ალბათ, ასეთია ამათი პასუხი.

ფინანსურ გარანტიებს ითხოვენ? საკონტროლო პაკეტს სამომავლოდ? დანარჩენი ფაზების მშენებლობისას რაიმე განსაკუთრებულ პირობებს? პორტის ექსკლუზიურ მართვას? თუ რა მიზეზით არის კონტრაქტი დღემდე ხელმოუწერელი, უნდა იცოდეს ამომრჩეველმა და უნდა მოვთხოვოთ კიდევაც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

ღალატი ამათი საფირმო ნიშანია, ხოლო იქ სადაც ფულია, ყველაფერს გაყიდიან,“ - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე წინადადებები მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, კერძოდ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურმა (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) კომპანიებმა.

მერი ტაბატაძე