"ეროვნული ბანკი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს"

საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს 5 წევრის, პარლამენტის ნაცვლად, მთავრობის მიერ წარდგენით მივიღებთ უარესს, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა "პალიტრატვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში", ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

აბაშიშვილი გამოეხმაურა კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში გაკეთებულ ჩასწორებას, რომლითაც საზედამხედველო სააგენტოს საბჭოში 5 წევრს პარლამენტი აღარ წარადგენს და ეს უფლებამოსილება მთავრობას განესაზღვრება. პრეზიდენტის მრჩევლის აზრით, მთავრობის მიერ დაკომპლექტებული საბჭო დამოუკიდებელი ვერ იქნება. "ეროვნული ბანკი დამოკიდებელი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ამ დროს კი, კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთს წარადგენს მთავრობა. ამ შემთხვევაში რა დამოუკიდებელ საბაკო ზედამხედველობაზეა საუბარი? - მაშინ, შეგვიძლია შევქმნათ ზოგადად ზედამხედველობის სამინისტრო და ამდენი აჟიოტაჟიც არ იქნება", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად გახდება კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუკი საზედამხედველო სააგენტოს საბჭოში წევრის წარდგენის უფლება ქვეყნის პირველ პირსაც მიეცემა, გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენა ბალანსის პრინციპს იცავს, ახალი საბჭოს შემთხვევაში კი ბალანსზე საუბარი ვერ იქნება, რადგან მისი შვიდკაციანი შემადგენლობიდან ხუთს მთავრობა წარადგენს. "პრეზიდენტის ნაწილი არის ბალანსისთვის მნიშვნელოვანი, ოღონდ იმ მოდელში, რომელიც არსებობს ახლა, თორემ თუ 5 წევრი იქნება მთავრობის მიერ წარდგენილი, რა დამოუკიდებელ საბაკო ზედამხედველობაზე და რა ბალანსზეა საუბარი?", - განმარტა აბაშიშვილმა.