საქართველოში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების თითქმის 94% 10 წელზე მეტი ასაკისაა

საქართველოში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების 94% 10 წლის და მეტი ასაკისაა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში. კერძოდ, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სულ მოძრაობდა 54.1 ათასი მიკროავტობუსი და ავტობუსი, აქედან 50.7 ათასი, ანუ 93.7% იყო 10 წლის და მეტი ასაკის.

რაც შეეხება სხვა ასაკობრივ ჯგუფებს, ავტოპარკში 2 წლის და ნაკლები ასაკის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალება იყო 1.4 ათასი ერთეული, 5 წლის და ნაკლები ასაკის - 2.6 ათასი, 10 წელზე ნაკლების - 3.4 ათასი.

აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების 52.1% დიზელის საწვავზე მუშაობს. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 54.1 ათასიდან დიზელზე 28.2 ათასი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. ბენზინზე მომუშავე არის მხოლოდ ათასი ერთეული, ბენზინსა და გაზზე კი 1.4 ათასი. მხოლოდ გაზზე 400 ერთეული მიკროავტობუსი და ავტობუსი მოძრაობს, ელექტროენერგიაზე კი 100 ერთეული.