ჩინეთი 1978 წლის შემდეგ საპენსიო ასაკს პირველად ზრდის, რომ სამუშაო ძალის შემცირება შეანელოს.
ინფორმაციას Bloomberg ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი ამჟამინდელი 60-დან 63 წლამდე, ხოლო ქალებში ორ კატეგორიად, ანუ რიგითი მუშახელისთვის 50-დან 55 წლამდე, მმართველ თანამდებობებზე კი 55-დან 58 წლამდე გაიზრდება.
საპენსიო ასაკი 2025 წლის 1-ლი იანვრიდან მოიმატებს, თუმცა ყველას ერთდროულად არ შეეხება და პროცესი 15 წელი გაგრძელდება.
ამასთან, დასაქმებულ ჩინელებს სავალდებულო საპენსიო შენატანის ოდენობა გაეზრდებათ და მათი გადახდა არსებული 15 წლის ნაცვლად 20 წელი მოუწევთ. ეს ინოვაცია ძალაში 2030 წლიდან შევა.
Bloomberg განმარტავს, რომ საპენსიო ასაკის მატება საგადასახადო ბაზას გააფართოებს და საპენსიო დახმარებაზე ხელმისაწვდომობას მეტად გადაავადებს, რაც სახელმწიფო ფინანსებზე დატვირთვას შეამცირებს.
ცნობისთვის: ჩინეთის საპენსიო ასაკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მაშინ, როცა 2000 წლიდან ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 71-წლიანი ასაკიდან გაიზარდა და 2021 წელს 78 წელს მიაღწია. ჩინეთი მოსახლეობის სწრაფად დაბერებითა და შობადობის სწრაფი შემცირებით დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას. კერძოდ, არსებული პროგნოზით, 2035 წლისთვის 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანი ჩინეთის მოსახლეობის 30%-ს შეადგენს, მაშინ, როცა 2021 წელს 14,2% დაფიქსირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ