მთავრობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 21 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 20 980 777 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უნდა ჩატარდეს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ამასთან, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემას, გათბობა, გაგრილება კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების.

ტენდერი შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ" გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის მთლიანი ღირებულება 20 980 777 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 12 ოქტომბერს იწყება და 17 ოქტომბერს სრულდება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში სესიები 2012-2016 წლებში იმართებოდა. 2016 წლიდან კი შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი. სწორედ იმ პერიოდიდან მიმდინარეობს საუბარი, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი მოეწყობოდა. თუმცა ამ დრომდე არაფერი არ გაკეთებულა. ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობაზე პრეზენტაციას ამჯერად მთავრობა 2024 წლის 11 ოქტომბერს გეგმავს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის პროცესში შესაძლოა, Amidi Group-ი ჩაერთოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს გასულ თვეს შეხვდა.