„ავტომობილების გადაადგილება შეჩერებული იქნება“ - რამდენი ხნით იზღუდება ,,ყაზბეგის“ საბაჟოზე მოძრაობა

,,ყაზბეგის" საბაჟოს გავლით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა იზღუდება. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ, საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით, გავრცელებულ ინფორამციაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება.

„სგპ ,,ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, დაგეგმილია გადაუდებელი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ავტომობილების გადაადგილება შეჩერებული იქნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები, დროის ამ მონაკვეთში ვერ განხორციელდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული დროის (06:00-09:00 საათი) ამოწურვის შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“,- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინი ქეთელაური