აშშ-ში ლუდის მოხმარება 1970-იანი წლების დონემდე დაეცა

აშშ-ში ლუდის მოხმარება 1970-იანი წლების შემდეგ 2023 წელს ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ინფორმაციას The Drinks Business აშშ-ის ლუდსახარშთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ზოგადად, ალკოჰოლის პოპულარობისა და მსუბუქი სასმელების მოხმარების კლებამ ლუდის მწარმოებელი რამდენიმე პატარა ამერიკული კომპანიის დახურვა უკვე გამოიწვია. ასოციაციის ცნობით, შეერთებულ შტატებში ლუდსახარშების დახურვის რაოდენობამ მათ გახსნას პირველად გადააჭარბა.

მოთხოვნის ნაწილი ზელტერის (მინერალურმა) წყლებმა, ასევე, პრემიუმ-კლასის იმპორტირებულმა მექსიკურმა ლუდებმა ჩაანაცვლა, როგორიც არის Modelo და Corona.

The Drinks Business-ის პროგნოზით, აშშ-ში ლუდის მოხმარების კლების ტენდენცია მოკლევადიან პერიოდში გაგრძელდება.

ამასთან, წელს ქვეყანაში ლუდსახარშისთვის საჭირო ალაოთი გაშენებული ფართობი, წინა წელთან შედარებით, 22%-ით შემცირდა, მაშინ, როცა ალაოს მარაგი ქვეყანაში 51%-ით გაიზარდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი დონეა. ამ პროდუქტზე ფასები ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა, რადგან ლუდსახარშების მხრიდან მასზე მოთხოვნა აღარაა.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის გარდა, სირთულეებს დიდი ბრიტანეთის ლუდის მრეწველობაც განიცდის. მართალია, 2023 წელს გაერთიანებულ სამეფოში ლუდის გაყიდვები, 2022 წელთან შედარებით, გაიზარდა და 3,8 მლრდ ლიტრას მიაღწია, მაგრამ ეს შედეგი 2018 წლის მაჩვენებელზე მაინც 21%-ით დაბალია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ