ვახტანგ გოძიაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

კომპანია "ემ ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ გოძიაშვილი მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. როგორც გოძიაშვილმა განაცხადა, მას პროკურატურიდან 26 ივნისს დაუკავშირდნენ და დღეს, 27 ივნისს, 15:00 საათისათვის მისვლა სთხოვეს.  "როგორც ამიხსნეს, ჩემი დაბარება ჩემს მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება", - აღნიშნა გოძიაშვილმა.

"ემ ენ ჯორჯიას" მფლობელი ხელისუფლებას ბიზნესსაქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს. კერძოდ, როგორც გოძიაშვილი აცხადებს, კომპანია "ემ ენ ჯორჯიას" ჭიათურაში, მარგანეცის მოპოვებასთან დაკავშირებით ექსკლუზიური ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რაც ხელისუფლების პირდაპირი ჩარევის შედეგად დაირღვა. ამ საქმეში ვახტანგ გოძიაშვილმა ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაადანაშაულა.