ღვინის 20 კომპანიიდან, რომელმაც ყველაზე მეტი სუბსიდია მიიღო, 15 „ქართული ოცნების“ შემომწირველია - TI

ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე 2017-2023 წლებში გაცემული 169 მლნ ლარის სახელმწიფო სუბსიდირებიდან 74 მლნ ლარი ქართული ოცნების შემომწირველებმა მიიღეს, - ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ კომპანიებმა მმართველ პარტიას 6.1 მილიონი ლარი შესწირეს. მათივე ინფორმაციით, ღვინის 20 კომპანიიდან, რომლებმაც სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი სუბსიდია მიიღეს (ჯამში 64 მლნ ლარი), 15 კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველია.

„მათ შორის, 11.5 მლნ ლარი მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთა მფლობელები ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და პარლამენტარი ზაალ დუგლაძეა. 4 კომპანიის მფლობელი, რომლებმაც ჯამში 19.4 მლნ ლარი მიიღეს, ბიძინა ივანიშვილი დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია.

10 კომპანიიდან, რომლებმაც 2023 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს, 8 კომპანია „ქართულ ოცნების“ შემომწირველია. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის ძმის 2 კომპანია და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორის 2 კომპანია.

2023 წელს საქართველოში 221 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი მოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 23%-ით ნაკლებია. თუმცა, ბოლო 10 წელში მოსავალი 28%-ით არის გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის საბაზრო (ნომინალურ) ფასს ზრდის ტენდენცია აქვს, მისი რეალური ფასი (ინფლაციის გათვალისწინებით) მცირდება.

ბოლო 10 წელში ღვინის ექსპორტს აშკარად გამოხატული ზრდის ტენდენცია აქვს, რაც ძირითადად რუსეთის ბაზარმა განაპირობა.

2023 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 65% იყო, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის შემდეგ ღვინის ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი ევროკავშირს უჭირავს 12%-ით.

2023 წელს საქართველომ ღვინო 66 ქვეყანაში გაიტანა. ამ ქვეყნებს შორის, ერთი ლიტრის საშუალო ფასით (2.7 დოლარი) რუსეთი 61-ე ადგილზეა. მსხვილი ბაზრებიდან ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი აშშ-ია - 6.2 დოლარი.

ბოლო 10 წელში ექსპორტირებული ქართული ღვინის საშუალო ფასი (დოლარში) 26%-ით არის შემცირებული. მსხვილი საექსპორტო ბაზრებიდან ფასის ზრდის ტენდენცია მხოლოდ აშშ-ში ფიქსირდება“, - აღნიშნულია კვლევაში.

მერი ტაბატაძე