მოლდოვური ღვინის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 13 წლის განმავლობაში 10 პოზიციით დაწინაურდა.
ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) ანგარიშში წერია, რაც მის facebook-გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, AAWE-ის მონაცემებით, თუ 2000 წელს მოლდოვადან ღვინის ექსპორტში საქართველოს მე-13 ადგილი ეკავა, 2023 წელს საქართველო უკვე მოლდოვური ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყნების წამყვან სამეულშია და მე-3 ადგილს იკავებს.
2000 წელს საქართველოში 150 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო შემოდიოდა, მაშინ, როცა 2023 წელს ეს ოდენობა 10.07 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება მოცულობას, თუ 2000 წელს მოლდოვადან საქართველოში 580 ათასი ლიტრა ღვინო იქნა ექსპორტირებული, 2023 წელს ქვეყანაში 17,78 მლნ ლიტრა მოლდოვური ღვინო შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ 13 წლის წინ საქართველოში ლიტრა მოდლოვური ღვინის ფასი 0.25 დოლარს შეადგენდა, რაც 2023 წელს ორჯერ მეტად გაიზარდა და 0,57 დოლარი გახდა.
2000 წელს მოლდოვური ღვინის მთავარ საექსპორტო მიმართულებებში საქართველოს ისეთი ქვეყნები უსწრებდნენ, როგორიც არის რუსეთი (1 ადგილი), ბელარუსი (2), უკრაინა (3), ყაზახეთი (4), ლიეტუვა (5), ლატვია (6), ბუგარეთი (7), ჩეხეთი (8), ესტონეთი (9), აშშ (10), თურქმენეთი (11) და გერმანია (12).
2023 წლის რეიტინგში საქართველო უკვე ყველა ამ ქვეყნის სათავეშია, ბელარუსის გარდა, რომელიც 2000 წლის ანალოგიურად ისევ მე-2 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ სიის ლიდერი რუმინეთია, რომელიც 13 წლის წინ საქართველოს ერთი პოზიციით ჩამორჩებოდა და მე-14 ადგილს იკავებდა. ამდენად, მოლდოვამ ბოლო 13 წელიწადში ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად საქართველოსთან ერთად რუმინეთში გაზარდა.
მოლდოვური ღვინის 2023 წლის საექსპორტო ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:
მთლიანობაში, მოლდოვამ 2023 წელს მსოფლიოში 137,49 მლნ დოლარის 107.46 მლნ ლიტრა ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რომლის საშუალო ღირებულებაც ლიტრაზე 1.28 დოლარი შეადგენდა. 2000 წელს მსოფლიო საექსპორტო ღირებულება 112.72 მლნ დოლარი, მოცულობა კი 155.64 ლიტრა იყო. მაშინ ლიტრა მოლდოვური ღვინო, საშუალოდ, მხოლოდ 0.72 დოლარი ღირდა.
ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ