„სანქციებს ადეკვატური გამოძახილი უნდა ჰქონდეს საქართველოში - ინვესტორებს დააფრთხობს, თუ ჩვენ სანქციებს არ მივიღებთ“

„სანქციებს უნდა ჰქონდეს ადეკვატური გამოძახილი და შეფასება საქართველოში. ინვესტორებს დააფრთხობს, თუ ჩვენ სანქციებს არ მივიღებთ იმ დოზით, რა დოზითაც ის უნდა მოქმედებდეს“,- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

საუბარია, აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირების და ექსტრემისტების დასანქცირებაზე. სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც. როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მის ოჯახის წევრს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სახდეპის ცნობით, მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

როგორც თემურ ჭყონია ამბობს, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ დასანქირებულ პირებზე იმოქმედებს ცუდად, თუმცა, ამას საქართველოშიც უნდა მოჰყვეს ადეკვატური გამოძახილი და სისრულეში მოყვანა.

„ეს იმოქმედებს მხოლოდ იმ ადამიანების იმიჯზე, ვისაც ასანქცირებენ. ნებისმიერი ქვეყნის იმიჯი განისაზღვრება წარმატებული ადამიანებით და არა წარუმატებლებით. ინვესტორზე იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ დასანქცირებული პიროვნებები საქართველოში გათავისუფლებული იქნებიან სანქციებისგან. თუ რა მიზნითაც დაასანქცირეს, ის მიზანი მიღწეულია, ინვესტორებისთვის ეს პირიქით და დადებითი მომენტია. თუ დასანქცირების მიზანი ვერ იქნება მიღწეული საქართველოში, მაშინ, კი ბატონო. ამიტომ, სანქციებს უნდა ჰქონდეს ადეკვატური გამოძახილი და შეფასება საქართველოში. ინვესტორებს დააფრთხობს, თუ ჩვენ სანქციებს არ მივიღებთ იმ დოზით, რა დოზითაც ის უნდა მოქმედებდეს. საფინანსო სექტორის პასუხისმგებლობაა ეს. სანქციებს აქვს გარკვეული მიზანი, თუ გინდა, რომ მსოფლიოში ინტეგრირებული იყო, უნდა გაითვალისწინო ამ სანქციების შინაარსიც და უნდა დაასანქცირო, აბა, როგორ გინდა?!,“- ამბობს თემურ ჭყონია.

ნინი ქეთელაური