საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 10.3%-ით გაიზარდა და 574.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 69.9%-იანი კლების შემდეგ. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია საუბარი.
აღნიშნულის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების კომპონენტების გაზრდამ განაპირობა.
„აღნიშნულ პერიოდში რეინვესტიციის კომპონენტი წლიურად 8.9%-ით შემცირდა 451.3 მლნ აშშ დოლარამდე, თუმცა მისი წილი მთლიან ინვესტიციებში კვლავ მაღალია და 78.6%-ს შეადგენს.
2024 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო და სადაზღვევო (300.1 მლნ აშშ დოლარი, +38.5% წ/წ), ვაჭრობა (79.2 მლნ აშშ დოლარი, -4.5% წ/წ), დამამუშავებელი მრეწველობა (55.5 მლნ აშშ დოლარი, +36.5% წ/წ) და უძრავი ქონება (47.2 მლნ აშშ დოლარი, +143.0% წ/წ).
მე-2 კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი (266.7 მლნ აშშ დოლარი), იაპონია (59.2 მლნ აშშ დოლარი) და მალტა (37.9 მლნ აშშ დოლარი). ჯამურად, 2024 წლის I ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 34.1%-ით შემცირდა და 768.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 5.1%-ია.“,- აღნიშნულია მიმოხილვაში.