„ამ ეტაპზე სანქციებმა ფინანსურ ბაზარზე არ იმოქმედა - დაველოდოთ ბანკებს, თუ როგორ წარმართავენ საქმიანობას“

„ეს სანქციები მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის და ეკონომიკაზე ამ ეტაპზე გავლენას არ ახდენს“ - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ „რადიო პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მაკალათია აღნიშნავს, რომ შემდგომი ეკონომიკური ეფექტები დამოკიდებული იქნება ქართული მხარის განცხადებებსა და ბანკების საქმიანობაზე.

„ეს სანქციები მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის და ეკონომიკაზე ამ ეტაპზე გავლენას არ ახდენს იმიტომ, რომ ცალკეულ ფიზიკურ პირებზეა გაცემული და მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებზე. ეკონომიკაზე გავლენა რომ არ მოახდინა, ლარის კურსზეც ჩანს, ლარის კურსი სტაბილურია და ცვლილება არ განუცდია. ფინანსურ ბაზარზე არ იმოქმედა და შეგვიძლია ისე ჩავთვალოთ, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მერე უნდა დაველოდოთ საქართველოს მხარის განცხადებებს, ბანკების დამოკიდებულებას, თუ როგორ წარმართავენ საქმიანობას.

ბანკებმა როგორც განაცხადეს, სანქციებს შეუერთდებიან და დარღვევას არ აპირებენ, აისახა კიდეც და სტაბილური გარემო დარჩა. გასულ წელს [ფარცხალაძის სანქცირება], მიმდინარე წლის გაზაფხულზე, არასტაბილური გარემო იყო სანქციების დაწესების დროს და შესაბამისი შედეგიც გამოჩნდა ეკონომიკასა და კურსზე“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის სექტემბერში სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესაც. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებდა, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა. საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, საერთაშორისო სანქციებს დაემორჩილებიან.

ფარცხალაძის სანქცირებიდან 4 დღეში ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული ჰქონდა. მაშინ "ქართული ოცნების“ იმდროინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის ეს გადაწყვეტილება "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.

ამის შემდეგ, მეორე დღესვე, სებ-მა დაამტკიცა საგამონაკლისო წესი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სანქციები არ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დამდგარი. ამის შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ შეძლო და საკუთარი ქონების ნაწილი, 12 უძრავი ნივთი შვილს ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა. ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე 20 სექტემბრით თარიღდებოდა. იმავე 20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან გადააგზავნა. თავდაპირველად, 22 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და „თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“. თუმცა, მოგვიანებით, 2023 წლის 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

მერი ტაბატაძე