„სხვა გზა არ არის, სავალდებულო უნდა იყოს“ - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევის საკითხზე კომენტირებისას.
როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წარმოქმნილი ზარალის კომპენსირებისთვის უკეთესი სისტემა, გარდა სავალდებულო ავტოდაზღვევისა, მსოფლიოში არ არსებობს.
„სხვა გზა არ არის, სავალდებულო უნდა იყოს. მსოფლიოში არ არის სხვა მაგალითი, რითაც შეიძლება მიღწეული იყოს მიზანი. მიზანი არის ის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წარმოქმნილი ყველა ზარალი იყოს ანაზღაურებული. ყველა ზარალი ნიშნავს იმას, რომ განსხვავებით კერძო პასუხისმგებლობის დაზღვევისგან, რომელიც ემყარება ძალიან ბევრ შეთანხმებას მზღვეველსა და დამზღვევს შორის. ის ასევე შეიცავს მნიშვნელოვან გამონაკლისებს, მაგალითად, თუ მძღოლი, რომელსაც აქვს დაზღვევა, არის მთვრალი და მოაწყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტომფლობელის კერძო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამას განიხილავს როგორც გამონაკლისს იმიტომ, რომ იყო მთვრალი. სავალდებულოს შემთხვევაში სულ ერთია, რატომ მოხდა შემთხვევა, ბრალეულობის მიუხედავად, მაინც უნდა იყოს ანაზღაურებული ზარალი“, - აღნიშნავს სადაზღვევოს ასოციაციის ხელმძღვანელი.
საქართველოში ამჟამად 1.7 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული, თუმცა რამდენია მათგან აქტიური, ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ხეჩინაშვილის თქმით, 1.7 მლნ ავტომობილიდან ნებაყოფლობით მხოლოდ 130 ათასია დაზღვეული.
„სხვა ინსტრუმენტი მსოფლიომ ვერ მოიფიქრა, ძალიან დიდი ზარალების კომპენსაციისთვის, რომელიც მოჰყვება ავტოსაგზაო შემთხვევებს. საქართველოში 1.7 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული. წელიწადში დაახლოებით 150 ათასი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. ამ მასაში მილიარდობით ზარალი წარმოიქმნება, რომელიც გინდა, რომ იყოს სრულად ანაზღაურებული, ამის საშუალებას სხვა სისტემა არ იძლევა, ერთადერთია ავტომფლობელის სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა. 1.7 მლნ-ზე მეტი რეგისტრირებული ავტომობილიდან, თუმცა, სამწუხაროდ, არ ვიცით აქედან რამდენია აქტიური. ნებაყოფლობით დაახლოებით 130 ათასი ავტომობილია დაზღვეული“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
შეგახსენებთ, მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა იგეგმება. პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.