იწვის საბრძოლო მასალის საცავი, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია - ვითარება რუსეთის ტვერის ოლქში

რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში დრონის თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა და აფეთქება მოხდა, რეგიონის გუბერნატორმა იგორ რუდენიამ მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გუბერნატორმა მიიღო მოსახლეობის იმ ტერიტორიიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება, სადაც საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მოქალაქეები ტვერის ოლქის ქალაქ დასავლეთ დვინაში გადაჰყავთ.

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავდასხმა საბრძოლო მასალის საცავზე განხორციელდა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, წუხელ აფეთქებები ასევე დაფიქსირდა რუსეთის ბრიანსკის, სმოლენსკის, ტულასა და ორიოლის ოლქებში.