2024 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22.101 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის II კვარტალში 2.5 პროცენტით განისაზღვრა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
ამასთან, 2024 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.4 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (35.7 პროცენტი), განათლება (21.3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (11.0პროცენტი), მშენებლობა (13.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (16.1 პროცენტი).
კლება კი აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.3 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-1.4 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.0 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.8 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.1 პროცენტი), მშენებლობა (8.4პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), განათლება (6.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი).
საქსტატის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2024 წლის 15 ნოემბერს.