საბერძნეთის მთავრობა ათენის სამ ცენტრალურ უბანში მოკლევადიანი გაქირავებისთვის ახალი ლიცენზიების გაცემას აკრძალავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ათენში მოკლევადიანი გაქირავების ახალი აკრძალვა ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. თუმცა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრ ოლგა კეფალოგიანის განცხადებით, ვადა შესაძლოა, ერთი წლის შემდეგაც გაგრძელდეს.
ამასთან, საბერძნეთის მთავრობა მოკლევადიან გაქირავებაზე დამატებით დღიურ გადასახადს აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 1,5 ევროდან 8 ევრომდე, ხოლო ზამთრის თვეებში 0,5-დან 2 ევრომდე ზრდის.
Reuters-ის შეფასებით, ევროპის მრავალი სხვა ტურისტული მიმართულების მსგავსად, საბერძნეთი ცდილობს, მომგებიანი ინდუსტრია ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებთან დააბალანსოს, რომლებიც მოკლევადიანი გაქირავების გამო საცხოვრებლის დეფიციტს განიცდიან.
საბერძნეთი მოელის, რომ წელს ტურიზმიდან შემოსავალი 22 მლრდ ევროს მიაღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს ქვეყანამ სექტორიდან 20,6 მლრდ ევრო მიიღო.
ცნობისთვის: მიმდინარე თვეში საბერძნეთის ხელისუფლებამ, ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში, პოპულარულ კუნძულებზე, სანტორინისა და მიკონოსზე საკრუიზო გემების მგზავრებზე 20-ევროიანი გადასახადი დააწესა, რაც მხოლოდ ზაფხულის პიკურ სეზონზე იმოქმედებს. ასევე, მთავრობამ ივნისში დააანონსა, რომ ამ კუნძლებზე საკრუიზო გემების რაოდენობა შეიზღუდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ