„5 ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელი უკვე თანახმაა“ - როდიდან ამოქმედდება სურსათის ბანკი

„5 ყველაზე დიდ სუპერმარკეტების ქსელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ისინი უკვე თანახმა არიან, რომ ითანამშრომლონ“,- ამის შესახებ „სურსათის ბანკი - საქართველოს“ კოორდინატორი, სალომე ჯაფარიძემ „კვირის“ პრესკლუბში სურსათის ბანკზე საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისში სურსათს ბანკისთვის საწყობის მოძიება მიმდინარეობს და მაქსიმუმ დეკემბერში მზად იქნება. ამის პარალელურად კი, სურსათის ბანკი შეიქმნება წყალტუბოში, სადაც პროდუქტები თბილისიდან გადანაწილდება.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწყობის მოძიების პროცესი თბილისში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციასთან, რომელიც გვეუბნება, რომ ეს საწყობი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, რათა შიგნით მოხდეს შეწირული სურსათის უსაფრთხოდ შენახვა. ამიტომ, პროცესი მარტივი არ არის, თუმცა ვფიქრობთ, რომ ნოემბრისთვის, მაქსიმუმ, დეკემბრისთვის ეს საწყობი გვექნება. უკვე 2025 წლიდან, როდესაც ამოქმედება საგადასახადო შეღავათები, ჩვენ შევძლებთ ფუნქციონირებას, სურსათის მიღებას და განაწილებას ბენეფიციარებზე.

გასულ კვირას ჩვენ ვიყავით წყალტუბოში, ვიზიტით. შევხვდით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, მერის მოადგილეს, ძალიან დიდი მხარდაჭერა აღგვითქვეს პროექტის განხორციელებაში, ასევე ისინიც გვეხმარებიან ადგილობრივი საწყობის მოძიებაში, წითელ ჯვართან ერთად. ძალიან დაგვეხმარებიან ბენეფიციარების სიის შედგენაში, რადგან მათ უკეთ იციან , ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ეს სურსათი სჭირდება. შესაბამისად, პროცესი აქაც აქტიურად მიმდინარეობს. წესით, შემდეგი წლის დასაწყისიდან, იქაც უკვე ყველაფერი უნდა გვქონდეს, რომ მარტივად შევძლოთ ამ მიღებული სურსათის განაწილება. თბილისში იქნება ამ საკვების მიღება, განაწილება მოხდება წყალტუბოში. ეს არის საპილოტე რეგიონი.

5 ყველაზე დიდ სუპერმარკეტების ქსელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და პრინციპში, ისინი უკვე თანახმა არიან, რომ ითანამშრომლონ, გადმოგვცენ ეს ჭარბი სურსათი. ამ ეტაპზე არ დავასახელებ, მიმდინარეობს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმების გაფორმების პროცესი. როგორც კი ეს მემორანდუმები გაფორმდება, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე მათაც საჯაროდ დავასახლებთ“,- განაცხადა სალომე ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პროდუქტებს, რომელსაც სურსათის ბანკი მიიღებს და შემდეგ ბენეფიციარებზე გადაანაწილებს, მისი თქმით, დაბალი რისკის შემცველი საკვების სია უკვე გაწერილია.

„ჩვენ სამინისტრომ უკვე გადმოგვცა სია, რა პროდუქტი შეიძლება რომ მივიღოთ, ეს არის გაწერილი და გვერდს ვერ ავუვლით. ეს არის დაბალი რისკის შემცველი პროდუქტები, ე.წ მშრალი პროდუქტები, როგორიცაა ბურღულეული, მაკარონი, ზეთი, კეტჩუპები, სოუსები, სწრაფი მომზადების სუპები, ორცხობილები, რომელსაც არ აქვს შიგთავსი. ასევე, ხილ-ბოსტნეულია შეტანილი სიაში. ამ პროდუქტების მიღება მოხდება და მათი გადანაწილება ბენეფიციარებზე“,- განაცხადა სალომე ჯაფარიძემ.

ნინი ქეთელაური