“სამხრეთ ოსეთში” ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალა

“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე ენერგეტიკული სასმელების გაყიდვას კრძალავს. ამის შესახებ RBC Wine-ს დე ფაქტო პარლამენტში განუცხადეს.

კერძოდ, ე.წ. დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „მატონიზირებელი უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლური სასმელების იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვის, წარმოების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის აკრძალვის შესახებ.“ კანონპროექტი განსახილველად ე.წ. ვიცესპიკერმა, კანონმდებლობის, კანონიერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დე ფაქტო კომიტეტის თავმჯდომარე ზიტა ბესაევამ წარადგინა.

„ასეთი აუცილებლობა მართლაც დგას, როცა ვხედავთ, თუ რა მავნე გავლენა აქვს ამ ენერგეტიკული სასმელების მოხმარებას ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე. ჩვენ, როგორც კანონმდებლებს, გვაქვს ვალდებულება, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ახალგაზრდობის დასაცავად. კანონი, ასევე, აუცილებელია სამართალდამცავებისთვის, რადგან მოქმედ კანონს, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ, სათანადო ეფექტი არ აქვს,“ - განაცხადა ბესაევამ დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე.

კანონის ასამოქმედებლად მას საბოლოოდ “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

ცნობისთვის: 31 ივლისს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც რუსეთში ბავშვებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვას კრძალავს. კანონი 2025 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ