ქალაქები და ქვეყნები, სადაც ბიზნესიდეები იბადება

რომელია წარმოებისათვის ყველაზე ინოვაციური ადგილები ევროპაში? ინვესტიციების პერსპექტივების თვალსაზრისით, პირველ რიგში ყველას ლონდონი და ბერლინი ახსენდება, თუმცა, ყველაზე მეტი ბიზნესიდეა და ინოვაციური პროექტი სულ სხვა ევროპულ ქალაქებში იბადება. მსოფლიო "მეწარმეობის მონიტორინგის" კვლევის მიხედვით, პირველ ადგილს ამ მხრივ ნიდერლანდების ქალაქი ეინდჰოვენი იკავებს. აღნიშნული ქალაქი არაერთი წარმატებული "სტარტ-აფის" დაარსების ადგილია. სწორედ ეინდჰოვენში მდებარე მაღალი ტექნოლოგიების კამპუსი 130 ბიზნესს, 10 000 მკვლევარს და მეწარმეს აერთიანებს.

რეიტინგში მეორე ადგილას უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტია. უნგრეთის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესი შესაძლოა, ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, მისი დედაქალაქი ინვესტორებისა და დამწყები ბიზნესმენების თავმოყრის ადგილია. ბუდაპეშტს საინჟინრო ექსპერიმენტების კერად მიიჩნევენ, განსაკუთრებით სატელეკომუნიკაციო უსაფრთხოების სფეროში.

რეიტინგში მესამე ადგილს მთლიანად ლიტვა იკავებს. იგი ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად მიიჩნევა ევროპაში. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში "სტარტ-აფებში" 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

ყველაზე ინოვაციური ევროპული ქალაქების ხუთეულში მოხვდა ესტონეთის დედაქალაქი ტალინიც

. ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმსხვილესი ტექნოლოგიური საწარმოების მასპინძელი ხშირადაა. უფრო მეტიც, ესტონეთში ინტერნეტზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად მოიაზრება.

და კიდევ ერთი ყველაზე ბევრი ინოვაციური პროექტის დაბადების ადგილი პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონია.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ ეკონომიკური კრიზისი გამოიარა, მეწარმეობა ლისაბონში მაინც ყვავის. გასულ წელს აქ 35 000-ზე მეტი ახალი კომპანია დაარსდა, რაც იმას ნიშნავს რომ დღეში დაახლოებით 100 ახალი კომპანია იქმნება.