„ეს არის უპრეცედენტო ხასიათის სანქცია - ეს ხალხი სამუდამოდ დარჩება მაგნიტსკის სიაში“, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე მძიმე სანქცია არ არსებობს და ის განსხვავდება თუნდაც იმ სანქციისაგან, რომელიც ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოიყენეს.
“როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ წარმომადგენელს, ასევე რუსეთის აგენტურის ე.წ ალტ-ინფოს დამფუძნებლებს. ეს არის უპრეცედენტო ხასიათის სანქცია, ის განსხვავდება თუნდაც იმ მძიმე სანქციისაგან, რომელიც იქნა გამოყენებული ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ, ვინაიდან ეს არის ამერიკის, ხაზინის, ანუ ფინანსთა სამინისტროს სანქცია. გარდა ამისა, ეს 4 ადამიანი შეყვანილია მაგნიტსკის გლობალური სიაში. ამაზე მძიმე სანქცია არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში, რომც გაუქმდეს, თუნდაც 3 ათასამდე რუსეთის წარმომადგენელი, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომელთაც სანქციებს, სხვათა შორის, ყოველ ექვს თვეში აახლებს ხოლმე ევროკავშირი, რაც არ უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე, როგორც იტყვიან, ეს ხალხი სამუდამოდ დარჩება მაგნიტსკის სიაში“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც. როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მის ოჯახის წევრს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სახდეპის ცნობით, მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.