„ფინანსურად მკვლელობის ტოლფასია ეს სანქციები, მით უმეტეს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ბიზნესი და სჭირდება გადარიცხვები უცხოური ვალუტაში,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.
მანვე ისაუბრა იმ ფინანსურ შეზღუდვებზე, რაც აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებულ პირებს შეეხებათ.
„საკმაოდ მძიმე სანქციებია აშშ-ის მხრიდან. ამერიკის ხაზინის მიერ დაწესებული სანქციები არის „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ სიის ნაწილი, სადაც მოქალაქეები ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევისთვის ხვდებიან. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს 4 მოქალაქე გამოირჩა ამ მხრივ და მოხვდა სიაში.
სანქციების გათვალისწინებით, იბლოკება არამხოლოდ ამ ადამიანების უძრავი და მოძრავი ქონება აშშ-ის ტერიტორიაზე ან იმ ტერიტორიაზე, სადაც ამერიკის იურისდიქცია ვრცელდება, არამედ იბლოკება მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების ქონება იმ შემთხვევაში თუ ამ ფირმაში 50%-ზე მეტ წილს ფლობენ. იბლოკება ნებისმიერი ფინანსური ან ეკონომიკური კონტაქტი ამ ადამიანებთან იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ, მათთვის დახმარების აღმოჩენა და ფინანსური ან ეკონომიკური მომსახურება.
ფინანსურად მკვლელობის ტოლფასია ეს სანქციები, მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ბიზნესი, სჭირდება გადარიცხვები უცხოური ვალუტაში ა.შ.“, - აღნიშნავს კეპულაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 4 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საუბარია, აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირების და ექსტრემისტების დასანქცირებაზე. სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც.
როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მის ოჯახის წევრს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.