„ვერც ერთ ცენტს ვერ გადარიცხავს ქართული ბიზნესი უცხოეთში - სანქციების გვერდის ავლა გამოიწვევს ქვეყნის ფინანსურ კოლაფსს", - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
საუბარია, აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირების და ექსტრემისტების დასანქცირებაზე. სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც.
როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მის ოჯახის წევრს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
სახდეპის ცნობით, მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
„ასეთ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ მიეცა მითითება საფინანსო სისტემისათვის, რომ სანქციების გვერდის ავლა ან რაიმე ფორმით ან რაიმე მიზეზით მისი არდაცვა გამოიწვევს ქვეყნის ფინანსურ კოლაფსს.
ვერც ერთ ცენტს ვერ გადარიცხავს ქართული ბიზნესი უცხოეთში, თუკი გაგრძელდა ბანკებზე ზეწოლა და ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ და დღეს, სამწუხაროდ, მხარი აუბა ეროვნულმა ბანკმა. მოვისმინეთ ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უაზრო განცხადება. ერთის მხრივ, იგი ამბობს, რომ თურმე საქართველოში სანქციების აღსრულება მოხდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, მეორეს მხრივ ამბობს, რომ საქართველოს კომერციული ბანკები დაიცავენ საერთაშორისო სანქციების წესებს. რა უნდა გაიგოს ამ განცხადებაში საქართველოს საბანკო სისტემამ? დაიცვან საერთაშორისო ნორმების სანქციებთან დაკავშირებით, ანუ მომენტალურად შეუწყვიტონ ანგარიშები ამ ადამიანებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს, თუ დაელოდონ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდის გაასამართლებს დამნაშავე პოლიციელებს და თუნდაც იმ თავდასხმების გამო, რაც აი, აქ პარლამენტის წინ მოახდინეს რამდენიმე თვის წინ.
ეროვნული ბანკი გამოვიდეს, კეთილი ინებოს და გააკეთოს ნათელი განცხადება, ვინაიდან ეს ხალხი არა მხოლოდ პირად ანგარიშს ფლობს. უნდა გააკეთონ განცხადება, ასრულებენ თუ არა, აი, ამ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.