„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული განცხადება ორაზროვანია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კეპულაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი ერთი მხრივ აცხადებს, რომ ზედამხედველობას უწევს საფინანსო ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ კომერციულმა ბანკებმა სანქციების რეჟიმი მხოლოდ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით უნდა შეასრულოს.
„ეროვნული ბანკის განცხადება იყო საკმაოდ ორაზროვანი. ერთი მხრივ, იძახის ის, რომ ქართული კომერციული ბანკები გააგრძელებენ სანქციების რეჟიმში ყოფნასო, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ იმისთვის, რომ სანქცია აღსრულდეს საქართველოში, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილებაო. ჯობდა უფრო მკაფიო ყოფილიყო ეროვნული ბანკის განმარტება, თან ორი დღის დაგვიანებით გამოაქვეყნეს.
კეპულაძე ფიქრობს, რომ ქართული ბანკები შეასრულებენ საერთაშორისო სანქციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბანკები დასანქცირდნენ, რაც მტკივნეული იქნება მომხმარებლებისთვის.
„მეეჭვება, რომ ქართულმა კომერციულმა ბანკებმა არ შეასრულონ ამერიკის ხაზინის სანქცია. ვიმედოვნებ, რომ არ მოემსახურებიან სანქცირებულ პირებს იმიტომ, რომ ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც აღმოუჩენს დახმარებას, მისცემს ანგარიშებზე წვდომას ამ პირებს ან ფინანსურ ოპერაციებში დაეხმარება, იქნება დასანქცირებული. როდესაც უკვე ბანკის სანქცირებაზეა საუბარი, ეს უკვე რთული სცენარია. ეს აღარ არის მხოლოდ კონკრეტული ბანკის პრობლემა, ეს იქნება ეკონომიკის, ბანკების მომხმარებლების პრობლემა.
საბანკო ასოციაციამ გუშინ განაცხადა, რომ დაემორჩილებიან ამერიკის სანქციებს, რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ისინი არ მოემსახურებიან სანქცირებულ პირებს და არ დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ არც საკუთარ არსებობას და არც მომხმარებლების ინტერესებს. იმიტომ, რომ ძალიან მტკივნეული იქნება ეს მათი კლიენტებისთვისაც. მესმის რომ ბანკები პირდაპირ ვერ ამბობენ, რომ ვერ მოემსახურებიან სანქცირებულ პირებს, მაგრამ სანქციების რეჟიმი ზუსტად ამას გულისხმობს. მგონია, რომ ქართული კომერციული ბანკები არ მოემსახურებიან ამ პირებს და შეასრულებენ ხაზინის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 4 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საუბარია, აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირების და ექსტრემისტების დასანქცირებაზე. სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც.
როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მის ოჯახის წევრს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.