„პრობლემაა გამოწერილი ჯარიმების ინტენსივობაზეც. თუ ადრე კომპანია ვარაუდობდა, რომ დღეში მთლიან ავტოპარკს საშუალოდ, შეიძლება მიეღო 5 ჯარიმა, ეს თითქმის გაორმაგდა“,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც საპატრულო პოლიციის, ისე დედაქალაქის მერიის მიმართ იყო თხოვნა, რომ მიდგომა ყოფილიყო მაქსიმალურად ლმობიერი, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია რიგ მაღაზიებში დაჯარიმების გარეშე პროდუქციის მიწოდება.
როგორც ლაშა რიჟამაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის პარკირების ჯარიმები თვეში 15-20 ათას ლარზეც კი ადის, ეს ხარჯი კი პროდუქციის ფასში უკვე ასახულია.
„როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შედიოდა, ჩვენ ვიყავით ამ კანონის პირველი მოწინააღმდეგე იქიდან გამომდინარე, რომ ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტზე. რაც შეეხება გაჩერებას, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ რაიმე ტიპის სამართალდარღვევა უნდა წახალისდეს, მათ შორის პარკირების ნაწილში, მაგრამ, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელია არარსებული საპარკინგე ადგილების გამო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, პროდუქციის მიწოდება ხდება შეუძლებელი. როდესაც ერთ მაღაზიაში გაუჩერებლობის გამო, სატრანსპორტო საშუალებას უწევს, სადღაც საათნახევარი დაკარგოს, რომ იგივე ლოკაციაზე დაბრუნდეს, ეს ფიზიკურად შეუძლებელს გახდის მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობას.
გაზრდილი ჯარიმების გარდა, პრობლემაა გამოწერილი ჯარიმების ინტენსივობაზე. თუ ადრე კომპანია ვარაუდობდა, რომ დღეში მთლიან ავტოპარკს საშუალოდ, შეიძლება მიეღო 5 ჯარიმა, ეს თითქმის გაორმაგდა. ანუ, ჯარიმების გამოწერის ინტენსივობა გაიზარდა.
ამ ჯარიმების დიდი ნაწილის გამოწერა ხდება ვიდეო სამეთვალყურეო კამერით, იმ დროს როცა შეიძლება საერთოდ არ აფერხებდეს მოძრაობას, უბრალოდ არის ნიშანი, რომ აქ არ შეიძლება გაჩერება, მანქანამ შეიძლება 5 მეტრის გადაადგილების შემდეგ, მეორე მაღაზიასთან, ორჯერ მიიღოს ერთსა და იმავე ლოკაციაზე ჯარიმა.
ჩვენ ვთხოვდით როგორც საპატრულო პოლიციას, ისე დედაქალაქის მერიას, რომ მიდგომა ყოფილიყო მაქსიმალურად ლმობიერი, იმდენად რამდენადაც ფიზიკურად შეუძლებელია რიგ მაღაზიებში დაჯარიმების გარეშე პროდუქციის მიწოდება. დასაქმებულ ადამიანს, რომელმაც უნდა გადმოიტანოს პროდუქცია, ვერ ეტყვი და არც დამსაქმებელი იქნება ამ შემთხვევაში მართალი, არც მორალური თვალსაზრისით იქნება სწორი, რომ ნახევარი კილომეტრის რადიუსზე, 3 ყუთი მიიტანოს ამა თუ იმ ლოკაციაზე“,- ამბობს ლაშა რიჟამაძე.