„საბანკო ასოციაციის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ იმ პირებზეც, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან დასანქცირებულ ადამიანებთან და ექნებათ მათთან ეკონომიკური კავშირი, მაგალითად, წავლენ მათთან გარიგებებზე, გავრცელდება სანქციები. ეს ნაწილი რას გულისხმობს, ამის ანალიზისთვის უფრო მეტი კონკრეტული ინფორმაციაა საჭირო. ფაქტია, რომ საერთაშორისო გადარიცხვებზე სანქციები იმოქმედებს, ხოლო შიდა ნაწილში როგორ იქნება საქმე, ამას უნდა დავაკვირდეთ“,- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ „რადიო პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან კონკრეტულ პირებზე დაწესებული სანქციები, მთლიანად საქართველოს მთავრობის პოლიტიკის საპასუხო ნაბიჯია, თუ რას შეცვლის მთავრობა პოლიტიკის მიმართულებით, ეს არჩევნების შემდგომ უკეთ გამოჩნდება.
„ეს სანქციები მხოლოდ 2 პირზე არ ვრცელდება, ეს მთლიანად მესიჯია დასავლეთის მხრიდან იმის შესახებ, რომ მთავობის პლიტიკა შესაცვლელია და დასავლურ კურსზე არის გადასასვლელი. ამის შემდეგ უკვე მთავრობა რა პოლიტიკას გაატარებს, ვნახავთ ამ შემოდგომაზე, როცა არჩევნები მოდის და პოლიტიკურად კიდევ უფრო ცხელი ამბები გველოდება“,- აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს (ხარება) და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა