„ქვეყანაში მთავარი პრობლემა უმუშევრობა კი არა, შემოსავლების ნაკლებობაა“

„არა მხოლოდ ამ მთავრობას, არამედ წინა ხელისუფლებასაც ახასიათებდა, რომ მაღალ ეკონომიკურ ზრდას როდესაც დადებენ, აცხადებენ, რომ გერმანიას და სხვა განვითარებულ ქვეყნებს ვუსწრებთ და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური კეთილდღეობის პირდაპირი ბარომეტრი არ არის“,- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ „რადიო პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მსგავსად, დაბალგანვითარებულ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს და ამ მაჩვენებლით მაგალითად, გერმანიასთან შედარება მოსახლეობის კეთილდღეობის თვალსაზრისით, აბსოლუტურად არასწორია.

„კი, ეკონომიკური ზრდა დადებითია, მაგრამ იმის თქმა, რომ გერმანიას უსწრებ, არ შეიძლება. იმიტომ, რომ გვაქვს პროცენტული ზრდა და აბსოლუტური მაჩვენებლები. რეალურად, ჩვენ, დაბალგანვითარებულ ქვეყნებს, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რადგან მცირე ეკონომიკური ცვლილებაც იწვევს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ძალიან მარტივად, როდესაც 100 ლარი გაქვს და გაგიხდება 110 ლარი, 10%-იანი ზრდა გაქვს და შეგიძლია თქვა, რომ ვიღაცას გაასწარი ამ ეკონომიკური ზრდით. თუმცა, როცა შენ 100 ლარი გქონდა და სხვას 10 000 ლარი და შენ 110 ლარი გაგიხდა, მას კი 10 010 ლარი, არ შეიძლება შეედარო ეკონომიკური ზრდით.

იმისთვის, რომ ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახოს, გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რამდენიმე წლის განმავლობაში და არა ერთ კონკრეტულ პერიოდში. სტატისტიკის მაჩვენებელი მხოლოდ ერთი რომელიმე თვის პერიოდში არ არის მნიშვნელოვანი, მაჩვენებლები წლის ჭრილში უნდა გადავიყვანოთ და წინა პერიოდებს შევადაროთ“,- აღნიშნა ეკონომისტმა.

როგორც მან განაცხადა, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სამშენებლო სექტორში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა უნდა იყოს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის ზრდაში წამყვანი როლი მშენებლობის დარგმა ითამაშა, იმიტომ, რომ 2024 წლის I კვარტალში 10,3%-იანი ზრდა ჰქონდა მშენებლობას და შესაბამისად, ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ეკონომიკურ ზრდაში“,- განმარტა ირაკლი მაკალათიამ.

მისი თქმით, სტატისტიკურად, შეუძლებელი არ არის, რომ მთავრობამ უმუშევრობის დონე ერთნიშნა მაჩვენებელზე დაიყვანოს, რადგან შესაბამისი აბსოლუტური მაჩვენებლების შემცირებით, პროცენტული მაჩვენებლის შემცირება სრულიად ლოგიკურია, თუმცა, მთავარი პრობლემა ქვეყნისთვის არა უმუშევრობა, არამედ არასაკმარისი შემოსავლებია.

„საერთოდ არ არის ფანტასტიკის სფერო, რომ 2030 წლისთვის მაგალითად 5%-ზე დავიყვანოთ უმუშევრობის დონე. ძალიან მარტივად, წინა პერიოდებში, როცა უმუშევრობა მცირდებოდა, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი მცირდებოდა.

უმუშევრობის მაჩვენებელი ხომ ასე გამოითვლება, უმუშევართა რიცხვი გაყოფილი ეკონომიკურად აქტიურ პირთა რიცხვზე. ეკონომიკურად აქტიური ნაწილი თუ გადავიდა ეკონომიკურად არააქტიურთა რიცხვში, ბუნებრივია ისინი ამ გამოთვლაში აღარ მონაწილეობენ. როცა შეგიმცირდება რიცხვები აბსოლუტურ მაჩვენებლებში, პროცნტული მაჩვენებლებიც შემცირდება.

უმუშევრობის შემცირებისთვის კარგი „ბუსტი“ იყო სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, მაგრამ მთავარი ის ხომ არ არის, რომ ადამიანი უმუშევრად არ ითვლებოდეს, რეალურად, მთავარია, რამდენად საკმარისი აქვს მას შემოსავალი. ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა დასაქმების დაბალი მაჩვენებელი და უმუშევრობის სიდიდე კი არ არის, მთავარი პრობლემაა შემოსავლების ნაკლებობა“,- განმარტა ეკონომისტმა.

ნათია ზარიძე