კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვსა და არჩევნებს შორის კავშირის შესახებ პუბლიკაციას აქვყნებს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მთავრობები უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლისას მოკლევადიან გზებს ირჩევს და ელექტრორალური მიზნებიდან გამოდის.
„საქართველოში უმუშევრობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც საარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში ექცევა. მთავრობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას, ამ პრობლემის შესამცირებლად, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ხოლო ოპოზიციას - დაპირების გაცემა, რომელიც ხშირად გულუხვია და შეიძლება ითქვას, ნაკლებად რეალისტური.
ზოგადად, უმუშევრობის პრობლემასთან გასამკლავებლად მთავრობები ირჩევენ არა გრძელვადიან და მართებულ მიდგომას, არამედ, ელექტორალური მიზნებიდან გამომდინარე, მოკლევადიან შედეგებზე გათვლილ საშუალებებს. ნაცვლად იმისა, რომ იზრუნონ სათანადო ინსტიტუციური და ეკონომიკური გარემოს შექმნაზე, რომელიც კერძო სექტორში სამუშაო ადგილებს ქმნის, გრძელვადიან პერსპექტივაში კეთილდღეობის საზიანო პოლიტიკას ატარებენ. როგორც წესი, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები უმუშევრობის პრობლემას (ხელახალი არჩევისა და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილიდან გამომდინარე) უშუალოდ სამთავრობო დასაქმების ზრდით პასუხობენ“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
კვლევის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25.8 ათასით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „მოკლევადიან პერიოდში მთავრობა ამცირებს უმუშევრობის დონეს მთლიანი ელექტორატისთვის საჩვენებლად და აფართოებს საარჩევნო ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო კონტროლირებად ადამიანურ რესურსს“.
„მართალია, მოკლევადიან პერიოდში საჯარო დასაქმება ამცირებს უმუშევრობის დონეს, მაგრამ ასეთი მიდგომა ბაზრიდან კერძო სექტორის გამოდევნასა და ჯამში პროდუქტიულობის შემცირებას იწვევს. ერთი მხრივ, ამ გზით მთავრობა ამომრჩეველთა განწყობებით მანიპულირებს (პრობლემის ილუზორული შემცირებით) და მეორე მხრივ, პოლიტიკური გავლენისა და სარგებლის მომტანი ჯგუფებისგან კეთილგანწყობას ყიდულობს.
მარტივად რომ ვთქვათ, მოკლევადიან პერიოდში მთავრობა ამცირებს უმუშევრობის დონეს მთლიანი ელექტორატისთვის საჩვენებლად და აფართოებს საარჩევნო ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო კონტროლირებად ადამიანურ რესურსს. ასეთი ქმედებებისთვის გასაქანი კი ისეთ ქვეყნებშია, სადაც სამართლის უზენაესობის პრინციპები დეფორმირებულია, ხოლო დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმები - სუსტი.
სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის ხარისხი საქართველოშიც დაბალ დონეზეა. ამასთან, ისტორიული მონაცემების ემპირიული ანალიზი აჩვენებს, რომ, მთავრობის მთლიანი დანახარჯების გათვალისწინებით, საჯარო სექტორში დასაქმება მაღალია, რადგან საქონლისა და მომსახურების მიწოდებისთვის უფრო მეტი რესურსია გამოყენებული, ვიდრე საშუალოდ საქართველოს მსგავს ეკონომიკებში.
ზემოთ აღწერილი სურათი წინასაარჩევნო პერიოდში უფრო თვალსაჩინო ხდება. მიმდინარე წლის ოქტომბრის მიწურულს საქართველოს პარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი. გასული წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმების ზრდა გამოიკვეთა. 2023 წელს საჯარო სექტორი 12.5 ათასით უფრო მეტ ადამიანს ასაქმებდა, ვიდრე წინა (2022) წელს. ამჟამად სახელმწიფო სექტორი 320.5 ათასი ადამიანის შრომით რესურსებს იყენებს. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულს, 25.8 ათასი ადამიანით აღემატება.
2020 წლიდან 2023 წლამდე უმუშევრობის დონე 18.5%-იდან 16.4%-მდე შემცირდა, ხოლო დასაქმების დონე 41.1%-იდან 44.5%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, თუნდაც განვითარებადი და დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალის მქონე ეკონომიკისთვისაც, წარმატებული შედეგია. უმუშევრობის დონის შემცირება ამ პერიოდში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე გასაკვირი არ არის (ეკონომიკური ზრდის მიზეზებზე იხილეთ ვრცლად).
თუმცა, შრომის ბაზრის ინდიკატორების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი საჯარო დასაქმების მატებას მიუძღვის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საზიანოა მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ხოლო მოკლევადიან პერიოდში - სასარგებლო ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის. ბოლო წლებში საჯარო სექტორში დასაქმება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე კერძოში. 2020-23 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 8.4%-ით გაფართოვდა, ხოლო კერძო სექტორში ზრდა 6.9% იყო. შესაბამისად, მთლიან დასაქმებაში საჯარო სექტორის წილიც მომატებულია“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.