საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი ნაბიჯი დაემატება, საქართველოს ხელისუფლებას „გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით პრინციპული მსჯელობა მოუწევს“.
ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე, კობახიძე არ აკონკრეტებს რა პოზიციების გადახედვას გულისხმობს, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალში აშშ მსგავს გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს.
„იმედი მაქვს, გუშინწინდელი გადაწყვეტილება [სანქციებზე] იქნება ბოლო, ურთიერთობის დანგრევის მიმართულებით. იმედი მაქვს, ასეთი გადაწყვეტილება მომავალში აღარ იქნება მიღებული. ეს იმედი გამოვთქვი ელჩთან შეხვედრაზე. მინდა, ელჩს მადლობა გადავუხადო მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არაა საკმარისი, რომ მთლიანობაში ჯანსაღი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენაა მიმართული.
„ასეთი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებში იყო სერიოზული სირთულეები. ძირითადად წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა ამ სირთულეებს. ასეთ პირობებში, ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ესაჭიროება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა, თუმცა ასეთი სანქციები, გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა. ეს ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ - თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. პრინციპულად მიუღებელია არა პარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად. ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.
რაც შეეხება ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა [სანქციებს], მიმართულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ. ვის შეიძლება აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძე ფიქრობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებული არაა.
„ვხედავთ, რომ ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებების, რომელიც მიიღება. დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არაა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.