„ორი ავტოქარხნის აშენება გვინდოდა და არ გაგვაკეთებინეს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის ავტოინდუსტრიისა და საგზაო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ გელა ბარკალაიამ განუცხადა.
როგორც ჩვენი რესპონდენტი განმარტავს, ავტოქარხნების მშენებლობა უკვე დიდი ხანია დაგეგმილია, პროექტიც სრულად მზად არის, თუმცა სისრულეში მოყვანა ხელშემშლელი ფაქტორების გამო, ვერ ხორციელდება.
„თქვენ ხედავთ რამდენიმე მაკეტს, ეს ავტომობილები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს უნდა წარმოებულიყო საქართველოში, მაშინ არ გაგვაკეთებინეს, პრობლემები შეგვიქმნეს და პროექტი დააკონსერვეს. ახლაც გვსურს ორი ქარხნის აშენება, ერთი იქნება სენაკში, ხოლო მეორე კი რუსთავში, თუმცა ხელის შეწყობის ნაცვლად, ახლაც უამრავი ხელოვნურად შექმნილი ბარიერი და დაბრკოლებაა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რამდენიმე ათეული წელია უწყვეტად ათასობით ადამიანს ვასაქმებ, ბიუჯეტში მილიონობით ლარი შემაქვს, საქართველოს ვაცნობ მთელს მსოფლიოს თითქმის ორმოცი წელი, ახლა ავტოქარხნების აშენება მინდა, რაც ქვეყანას სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მოუტანს, შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილები, მოხდება სპეციალისტების გადამზადება და თემატური პროფესიების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, ისმება ლეგიტიმური შეკითხვა - ხელის შეწყობა არის?
თქვენ ხედავთ მაკეტებს, ეს სამივე ავტომობილი რუსთავში უნდა აწყობილიყო, კიდევ ოთხი სხვა მოდელი - სენაკში. არავის ვთხოვ დახმარებას და ხელის შეწყობას რამეში, უბრალოდ, ხელს მაინც ნუ შემიშლიან დიდი ქართული საქმის კეთებაში, რომელიც ყველასთვის სარგებლის მომტანი და საამაყო იქნება.
საავტომობილო ბიზნესში სრული მონოპოლიზაციაა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ორ-სამ კომპანიას მონოპოლია აეღო და სხვას ვერ შემოეყვანა ავტომობილი. რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესმა კომპანიამ 500 ერთეული ავტომობილის შეკვეთა მიიღო მოსახლეობისაგან, რის შემდეგაც დაიწყო მათი ეტაპობრივად შემოყვანა, მოხდა განბაჟება პირველი რამდენიმე პარტიის და დღემდე არ ურეგისტრირებენ ახალ, ცნობილი ბრენდის, გარემოსთვის უვნებელ ავტომობილებს, მხოლოდ იმიტომ, რომ შემოყვანა მოხდა პირდაპირ მწარმოებელი ქარხნიდან, დუბაის განუბაჟებელი ზონის გავლით.
ვიღაც „ჭკვიანმა“ გადაწყვიტა, რომ დუბაი ევრო 4-ის სტანდარტის ქვეყანა რადგან არის, ამიტომ, მაგრამ დუბაიში ხომ ევრო 5-ის, ევრო 6-ის და ა.შ ავტომობილებიც არის ან რა შუაშია ქვეყნის სტანდარტი განუბაჟებელ ზონასთან? ვინ ეკითხება ამ ხალხს დუბაი ან სხვა ქვეყანა თავისთვის რა სტანდარტით მუშაობს, მთავარია ავტომობილი იყოს მაღალი ხარისხის და ჩვენი გარემოსთვის უვნებელი.
ის კანონი, რომელიც ამ საკითხების თითქოს დასარეგულირებლად აბსოლუტურად კულუარულად მიიღეს და ფაქტის წინაშე დააყენეს ავტოიმპორტიორები და მოსახლეობა, აბსურდულია როგორც ტექნიკური, ისე
სამართლებრივი თვალსაზრისით და მორგებული კონკრეტულად რამდენიმე კომპანიას და მათი მხრიდან სრული მონოპოლიის გარანტია გახლავთ საკანონმდებლო დონეზე. ამ კანონის ავტორებს თუ დავუჯერებთ, დუბაი, ჩინეთი და კიდევ ბევრი მაღალგანვითარებული ქვეყანა გარემოს და მოსახლეობას არ უფრთხილდება, პირდაპირ აზიანებს და საქართველოში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა! ან კიდევ ძრავის და გადაცემათა კოლოფის არმქონე, დაშლილი, მიჭრილ-მოჭრილი ძველი ავტომობილი შემოსული თუნდაც რუსეთიდან, ავსტრალიიდან უვნებელია გარემოსთვის და ქარხანაში წარმოებული ახალი ავტომობილი შემოსული ჩინეთიდან ან დუბაის განუბაჟებელი ზონიდან საფრთხის შემცველი? ასევე საზღვაო გზით შემოყვანილი ავტომობილი უსაფრთხოა, ხოლო სახმელეთო ან საჰაერო გზით საფრთხის შემცველი, რატომ? ემისიის დონეზე მოქმედებს ტრანსპორტირების ფორმა? ეს ხომ აბსურდი, სიცრუე და ცინიზმია!
სირცხვილია ეს ყველაფერი და საკუთარი მოსახლეობის აგდებაა, რამდენიმე კომპანიის სასარგებლოდ! აღნიშნული კანონის მიღებით არაერთი კომპანია და ათასობით ადამიანია დაზარალებული ქვეყანაში, ვისაც ავტომობილი განუბაჟეს, მაგრამ არ ურეგისტრირებენ. სად და ვისთან გინდა რომ მიხვიდე, აზრი არ აქვს, დარგის მცოდნე სპეციალისტებს არ უსმენენ და მეცხრე თვეა საკითხის მოგვარება არ ხდება. ახალ გარემოსთვის უვნებელ ავტომობილებს არ უფორმებენ მეპატრონეებს და ავტოქარხანას ვინ აგაშენებინებს?!“, - განაცხადა გელა ბარკალაიამ.
შეგახსენებთ, ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე გადაწყვეტილება მთავრობამ 2023 წლის ივნისში მიიღო. კერძოდ, მთავრობის 238-ე დადგენილებით, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალა, რადგან სახელმწიფოს მიზანია ევრო სტანდარტზე დაბალი, ანუ გარემოსთვის ზიანის მომტანი ავტომობილების იმპორტი აღარ მოხდეს ქვეყანაში. თუმცა, როგორც ბატონი გელა ბარკალაიას იურისტი განმარტავს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული დადგენილებით რაიმე სახის შეზღუდვა დაწესდებოდა 1 წლამდე და ასევე 2013 წლის ზემოთ, კონკრეტული ქვეყნებიდან, თუ მათი გავლით შემოყვანილ ავტომობილებზე, ზემოთ აღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე, სრულიად მოულოდნელი იყო.
მიმდინარე წლის ივლისში ავტო იმპორტიორებისთვის ჩინეთიდან და ისრაელიდან შემოყვანილი ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებული საკითხები ნაწილობრივ გამარტივდა. იურისტის თქმით, მიუხედავად ამისა აღნიშნულ დადგენილებაში კვლავ არის სერიოზული ხარვეზები და საჭიროებს შესაბამისი დარგის გამოცდილი სპეციალისტების ჩართვას და ავტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად უნდა მოხდეს საჯაროდ განხილვა, სათანადო ცვლილებების შეტანა, ისე, რომ არ დაზარალდეს არცერთი კომპანია, მოსახლეობა და რაც ყველაზე მთავარია, გარემო და ეკოლოგია.