„თანამდებობის პირების „მაგნიტსკის სიაში“ მოხვედრით საქართველო ხვდება ისეთი არათავისუფალი ქვეყნების რიცხვში, როგორიცაა: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და ჩამორჩენილი აფრიკული დიქტატურები,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, გამორიცხულია, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულებას ხელი შეუშალონ.
„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ და ეროვნული ბანკის განცხადებებს, ეს განცხადებები არის სასაცილო, კარიკატურული. როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ მხარეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინა, საერთაშორისო ფინანსური სისტემა და მეორე მხარეს მურუსიძის სასამართლო და თუ მურუსიძის სასამართლო არ აღირებს სანქციებს, ისინი არ მოქმედებს?
რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაშინ სანქციებს საერთოდ ძალა არ ექნება. ვერც საქართველოს ეროვნული ბანკი და ვერც საქართველოს მთავრობა სანქციების აღსრულებას წინ ვერ დაუდგება. ყველა ბანკს მოუწევს დაემორჩილოს ამ სანქციებს. სულ რომ ბატონი ივანიშვილი და ბატონი კობახიძე ბანკის წინ დადგნენ, მაინც მოუწვთ ამ სანქციებისთვის დამორჩილება,“ - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
ქადაგიძის განმარტებით, როგორც კი ქართული ბანკები სანქცირებული პირებისთვის რაიმე ფინანსურ აქტივობას შეასრულებენ, ისინი ავტომატურად სანქციების დამრღვევებად იქცევიან, რის შესაბამისადაც მთელი ფინანსური სისტემა და ეკონომიკა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.
„საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში ჩართულია მხოლოდ 2 ამერიკული ბანკის მეშვეობით. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია „ვიზა“, „მასტერქარდი“, ონლაინ გამოწერა თუ ჩვეულებრივი გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ 2 ამერიკული ბანკის მეშვეობით. თუ ეს ორი ბანკი ჩათვლის, რომ საქართველო არ ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს და უბრალოდ, გამორთავს თავის საკორესპონდენტო ანგარიშებს, უბრალოდ, 1 დღეში დადგება ფინანსური სისტემა და მთლიანად ეკონომიკა კოლაფსის წინაშე.
არა მარტო საქართველოს მსგავსი მცირე, ღია ეკონომიკა არის მოწყვლადი ასეთი პროცესის მიმართ, არამედ გაცილებით უფრო დიდი საბანკო სისტემებიც კი ვერ ბედავენ ისეთი სულელური განცხადებების კეთებას, როგორიც საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს.
ეს განცხადებები არის ფარატინა ქაღალდი და რეალურად, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ რაღაცნაირად დააწყნარონ საკუთარი ადმინისტრაციული რესურსი, რომ მათ არაფერი ემუქრებათ და მათ დაიცავენ,“- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.