TEN-T + TITR - თოყაევი შუა დერეფნის ინტეგრაციის ინიციატვით გამოდის

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), ანუ შუა დერეფნის ინტეგრაციის ინიციატივით გამოდის.

ინფორმაციას Report ყაზახურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

TEN-T ევროპის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გზების, რკინიგზის, აეროპორტებისა და წყლის ინფრასტრუქტურის ქსელით დასაკავშირებლად არის შექმნილი.

ამ პროცესში თოყაევი დახმარებას გერმანიისგან ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე მან ასტანაში, შუა აზიისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრის დროს ისაუბრა.

„ფართო საინვესტიციო პერსპექტივები შუა დერეფნის შემდგომი განვითარების გზას აფართოებს, მათ შორის, კასპიის ზღვის პორტების მოდერნიზაციისა და დიჯიტალიზაციის, ასევე, სატვირთო ტერმინალების მშენებლობის მხრივ. ამდენად, ცენტრალური აზიისა და ევროპის სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების შემდგომი ინტეგრაცია გადაუდებელ ამოცანად რჩება,” - აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, ყაზახეთი მიესალმება ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში 10 მლრდ ევროს გამოყოფის შესახებ შუა დერეფნის განვითარებისთვის.

ცნობისთვის: TITR ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფნის ნაწილია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ