ყაზბეგი, ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი ერთმანეთს ერთი საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის, სამი დაცული ტერიტორიის - ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ერთმანეთთან ერთი საფეხმავლო ბილიკით დასაკავშირებლად, მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების (Mountain Hut) განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია.

რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

„სამ დაცულ ტერიტორიას ერთმანეთთან 205 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს, საიდანაც 130 კმ-მდე სრულიად ახალი ბილიკი გაიჭრა. დასრულების ეტაპზეა 205 კმ-იან ბილიკზე საინფორმაციო დაფების, საორიენტაციო მანიშნებლების და მცირე ტურისტული საფეხმავლო ხიდების მოწყობის სამუშაოებიც.

პროექტის ფარგლებში, ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე მოლაშქრეთა თავშესაფრისთვის მონტაჟდება სხვადასხვა კატეგორიის 7 სამთო ქოხი. უკვე დასრულებულია 5 ქოხის მშენებლობა - აბუდელაურში, არხოტში, დათვიჯვარში, ზედა ტანიესა და ქვედა ტანიეში. მიმდინარეობს ხიდოტანის და ქვახიდის ქოხებისთვის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

შვეიცარიაში დამზადებული სამთო ხის ქოხების დეტალების ტრანსპორტირება დაცულ ტერიტორიებზე ვერტმფრენების საშუალებით ხდება, სადაც მონტაჟდება წინასწარ აშენებულ საძირკვლებზე. ქოხების პროექტირებისა და მონტაჟის სამუშაოებში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, შვეიცარიელებიც მონაწილეობენ.

სხვადასხვა ზომის (116 კვ მეტრიდან 255 კვ მეტრამდე) სამთო ქოხებში გათვალისწინებულია რამდენიმე საძინებელი ოთახი, საპირფარეშოები, საშხაპეები, დამხმარე და ნარჩენების ოთახები, სამზარეულო/კაფე და ვერანდა. ქოხები უზრუნვეყოფილი იქნება ელექტორენერგიითა და წყლით, რისთვისაც მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის მზის პანელებისა და წყლის რეზერვუარების (სეპტიკების) სამონტაჟო სამუშაოები.

სამთო ქოხების აუცილებელი ინვენტარით აღჭურვას და ქოხებით სარგებლობის რეგულაციას უზრუნვეყოფს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სირთულის საფეხმავლო ბილიკები და კომფორტული თავშესაფრები დააინტერესებს როგორც პრფესიონალ, ისე დამწყებ მოლაშქრეებს. სათავგადასავლო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეიწყობს რეგიონში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის და ქვეყნის ცნობადობის ზრდას.

პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსეით ხორციელდება და მისი ღირებულება 27.1 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.