Fed-მა საპროცენტო განაკვეთი 50 პუნქტით შეამცირა - როგორია პროგნოზები

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed), რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, საბაზისო წლიური საპროცენტო განაკვეთი 50 პუნქტით, 4,75–5,25%-მდე შეამცირა.

ამის შესახებ Fed-ის პრესრელიზში წერია.

საპროცენტო განაკვეთი ერთ წელზე მეტია, 20-წლიან მაქსიმუმზე იყო, რაც წლიურ 5,25-5,5%-ს შეადგენდა. მისი მატების პოლიტიკით ფედერეზერვი მაქსიმალური დასაქმების მიღწევას, ასევე, ინფლაციის 2%-იან დონემდე შემცირებასა და გამყარებას ცდილობდა.

პრესრელიზში წერია, რომ Fed-მა ამ მიზნებისკენ პროგრესს მიაღწია, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი „ოდნავ მაღალი“ რჩება.

საპროცენტო განაკვეთზე Fed-ის შემდეგი სხდომა 6-7 ნოემბერს გაიმართება.

Fed-ის ხელმძღვანელობა პროგნოზირებს, რომ საბაზისო საპროცენტო განაკვეთი წლის ბოლომდე კიდევ ნახევარი პროცენტით, 4,4%-მდე, მომავალ წელს სრული პროცენტული პუნქტით, 3,4%-მდე, ხოლო 2026 წელს კიდევ ნახევარი პროცენტით შემცირდება. თუმცა მმართველები იქვე აცხდებენ, რომ ასეთ ხანგრძლივ პერიოდზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

Reuters-ის შეფასებით, ეს ნაბიჯი აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებაზე და ფედრეზერვის მზარდ ნდობაზე მიანიშნებს, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონემდე ვარდნას გააგრძელებს. ამჟამად ის ამ დონეს ნახევარი პროცენტული პუნქტით აღემატება.

Fed-ის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ეკონომიკა კვლავ ძლიერია და შრომის ბაზრის მრავალი ინდიკატორი, როგორიც არის უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადების რაოდენობა და უმუშევრობის ამჟამინდელი 4.2%-იანი დონე, საგანგაშო არ არის. ცენტრალურ ბანკს სურს, გაასწროს და თავიდან აიცილოს შრომის ბაზრის შესაძლო შესუსტება. ანალიტიკოსებმა ამაში დაინახეს მინიშნება პაუელის გრძელვადიან მიზანზე, თავიდან აიცილოს უმუშევრობის არასაჭირო ზრდა, რომ Fed-მა ინფლაციის 2%-იან სამიზნე დონეს მიაღწიოს.

Fed-ის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის აქციებმა მოიმატა. აშშ-ის დოლარი (.DXY) ვალუტების კალათასთან მიმართებაში ოდნავ ძლიერია, ხოლო აშშ-ს სახაზინო შემოსავლები გაიზარდა. ფიუჩერსების ტრეიდერები ფასების შემსუბუქებაზე გადავიდნენ.

Reuters-ის შეფასებით, ახალი ეკონომიკური პროგნოზები აჩვენებს, რომ პირად სამომხმარებლო ხარჯებზე ფასთა ინდექსის ზრდის წლიური ტემპი წლის ბოლოს 2,3%-მდე, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის 2.1%-მდე დაეცემა. ამასთან, წლის ბოლოსთვის უმუშევრობის დონე 4.4%-ს შეადგენს და 2025 წლამდე ამ დონეზე დარჩება. მიმდინარე წლისთვის ეკონომიკური ზრდა 2.1%-მდე, მომავალ წელს კი 2%-ით არის პროგნოზირებული.

ცნობისთვის: Fed–მა განაკვეთების აწევა 2022 წლის მარტში შეერთებულ შტატებში რეკორდული ინფლაციის გამო დაიწყო, რამაც მაშინ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. იმ პერიოდიდან მოყოლებული განაკვეთი ზედიზედ 11-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ივლისიდან Fed საბაზისო განაკვეთს 5,25%-დან 5,50%-მდე დონეზე ინარჩუნებდა, რითიც ინფლაციის შესაჩერებლად განაკვეთების ზრდის 18-თვიანი ციკლი დაასრულა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ