„კომიკურია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობას გადახედავს - სავიზო რეჟიმს დაუწესებენ?“

„კომიკურია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ გადავხედავთ ურთიერთობასო, თითქოს, რამე გვქონდეს სანაცვლოდ შესათავაზებელი,“ - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯის შემთხვევაში, საქართველო ამერიკასთან ურთიერთობებს გადახედავს. საპასუხოდ, ქადაგიძე სვამს კითხვას, რა არის ის ნაბიჯი, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინას ავნებს.

„რა არის პოზიციების გადახედვა - რით ავნებენ ივანიშვილის მარიონეტი პრემიერი და მთავრობა სახელმწიფო დეპარტამენტს და ხაზინას? სავიზო რეჟიმს დაუწესებენ ამერიკის მოქალაქეებს? დახმარებას აღარ მიიღებენ? მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკის მხრიდან დახმარების გარდა არაფერი არ ყოფილა, დაწყებული არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა, დამთავრებული მრავალი 100-მილიონიანი პროგრამებით.

მხოლოდ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ავიღოთ - ამერიკის დახმარებით 80 ათასი მოქალაქე არის ცოცხალი. თუ რამე გზები კეთდება, წყალმომარაგება, ისტორიული ძეგლების აღდგენა ხდება. ამერიკის სურვილია საქართველოს დახმარება, რადგან მისი ინტერესია, რომ დემოკრატიები არსებობდეს, რადგან ორი დემოკრატია არასდროს ომობს ერთმანეთთან.

კომიკურია როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ გადავხედავთ ურთიერთობასო, თითქოს, რამე გვქონდეს სანაცვლოდ შესათავაზებელი. აბსოლუტური ტყუილია, ეს არის კლასიკურ რუსულ სტილში განცხადებები.

ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ემსახურება ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ წასვლას, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაღარიბებას და იმ რისკების მატერიალიზაციას, რასაც ჩვენ გავურბივართ,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მერი ტაბატაძე