"ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან 100 მლნ ევროს გამოყოფს უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის"

უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 2022 წლის თებერვლიდან მინიმუმ 2 მილიარდ ევროს შეადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი ამ ზამთარს უკრაინას დამატებით 160 მილიონ ევროს გამოუყოფს.

„საერთო ჯამში, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის 2022 წლის თებერვლიდან, მინიმუმ, 2 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ყველა სახის შემოწირულებას. დღეს კი შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ზამთრისთვის დამატებით 160 მილიონ ევროს გავხდით ხელმისაწვდომს. ეს მოიცავს 60 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას - მაგალითად, თავშესაფრებისთვის და გამათბობლებისთვის - და ასევე, დაახლოებით, 100 მილიონ ევროს სარემონტო სამუშაოებისთვის და განახლებადი ენერგიისთვის. ეს 100 მილიონი ევრო მოდის ევროკავშირში რუსეთის გაყინული აქტივებიდან. იმიტომ, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს მის მიერ გამოწვეული ნგრევისთვის. ვიცით, რომ მეტია საჭირო. ასე რომ, უნდა გავაგრძელოთ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობისთვის გადარიცხვა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.