2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტების (რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მუდმივად უცხო ქვეყანაში ცხოვრობს) მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 562 ათასი შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ ტურისტული სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2024 წელს მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტების 39%-მა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (18%), ევროკავშირი (16%) და სომხეთი (12%).
„აღსანიშნავია, რომ რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (32%), ხოლო თურქეთში, სომხეთსა და ევროკავშირში განხორციელებული ვიზიტები ოდნავ შემცირდა 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2024 წლის მე-2 კვარტალში 594 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 16%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დანახარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია, კერძოდ, დანახარჯების უდიდესი ნაწილი კვლავ საყიდლებს (38%), კვებასა (26%) და ტრანსპორტირებას (15%) უკავია.
2024 წელის მე-2 კვარტალში საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო მეგობრების ან ნათესავების მონახულება (მთლიანი ვიზიტების 34%), რასაც მოსდევდა საყიდლები (33%). 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთა მთავარ მიზანსაც პროფესიული ვიზიტები წარმოადგენდა, მათი წილი კი, ვისთვისაც მოგზაურობის მთავარი მიზანი რეკრეაცია იყო, გაიზარდა,“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.