მთავრობა ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის მოწყობისთვის გერმანიისგან 15-წლიან სესხს იღებს

საქართველოს მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) 15 მილიონი ევროს ოდენობით სესხს იღებს. თანხა გამოყოფილია პროექტისთვის „მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში“.

გერმანიის მთავრობა გარდა 15 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხისა, დამატებით ერთ მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების (ITS), ველო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ავტობუსების სპეციალური სავალი ნაწილის გაუმჯობესება-გაფართოებას.

ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა მოიცავს სატრანსპორტო ნაკადების მართვას, საგზაო მოძრაობის მონაცემების შეგროვებას, მათ შორის გზების მდგომარეობის შესახებ, ამასთანავე, ითვალისწინებს „ჭკვიანი“ შუქნიშნების განახლებას და ახალ წერტილებზე მოწყობას, პროგრამულ უზრუნველყოფას, საპარკინგე სივრცეების მართვასა და ა.შ.

პროექტის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2030 წლის 30 ივნისი, პროექტს თვითმმართველი ქალაქი, ბათუმი განახორციელებს.

სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი 15-წლიანი იქნება, საიდანაც საშეღავათო პერიოდი 10 წელს შეადგენს. საპროცენტო განაკვეთი წლიური 0.75%-ით განისაზღვრა.

მერი ტაბატაძე