„რაც არ უნდა მუქარები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს იმიტომ, რომ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს!“, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსთავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, „ჩვენ გვყავს საუკეთესო მაგალითი თავდადებისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო პრინციპები, გაატარო ქვეყნის ინტერესები“, კალაძის თმქით, ეს ადამიანი სწორედ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.
"მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ჭირდება ამ ქვეყანას, სადაც ჭირდება საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. რაც არ უნდა შემოტევები იყოს, რაც არ უნდა მუქარები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს. ჩვენ გვყავს საუკეთესო მაგალითი თავდადებისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო შენი პრინციპები, გაატარო შენი ქვეყნის ინტერესები - ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ეს ადამიანი,"- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანა დგას ურთულესი გამოწვევების წინაშე, რომლის დაძლევაც საქართველოს ხელისუფლებამ, ეტაპობრივად, საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო.
"თქვენ გახსოვთ, როდესაც გამოგვიცხადეს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რაც იყო სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების ფონზე, ვნახეთ პოლარიზაციის გაღვივებისა და რევოლუციური სცენარის ამოქმედების მცდელობები. საზოგადოების მხარდაჭერით, “ქართულმა ოცნებამ” ეს გამოწვევაც წარმატებით დაძლია და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
დღეს კი გვეუბნებიან, რომ თურმე გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, რომ გამჭვირვალობა აფერხებს ქვეყნის სვლას ევროინტეგრაციისკენ. კანონი “გამჭვირვალობის შესახებ” შერაცხეს “რუსულ კანონად” . ეს არის იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მიდის საქართველოს წინააღმდეგ. აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ მივიღეთ გადაწყვეტილება მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს არის სრული სიმართლე. ასევე, ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან ამ ნაბიჯებით ჩვენ დავაზიანებდით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ჩვენი უმთავრესი ინტერესი კი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.
მეგობრებო, ჩვენი კი ყველა ამ უსამართლობას უნდა დავუპირისპიროთ 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მისვლა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, რადგან „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია, შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის გაძლიერება, განვითარება და ტერიტორიული მთლიანობა, რაც ყველა ღირსეული ქართველის ერთ-ერთი უმთავრესი ოცნებაა,"- განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მხარდამჭერებს საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა , რათა შესაძლებელი იყოს მშვიდობიანი განვითარების კურსის შენარჩუნება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის გამთლიანებისკენ.