ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც წყალდიდობით დაზარალდნენ, კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად ევროპული ფონდებიდან 10 მლრდ ევროს დახმარებას მიიღებენ.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის, გზების, მაგისტრალების, რკინიგზისა და ხიდების აღსადგენად შესაძლოა, სოლიდარობის ფონდიც იქნეს გამოყენებული.
ამასთან, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ, როგორც წესი, ევროპული ფონდები წევრი ქვეყნების თანადაფინანსებით არის უზრუნველყოფილი, თუმცა ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება “100%-ით ევროპული ფული, თანადაფინანსების გარეშე.”
ცნობისთვის: გასულ კვირას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პოლონეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ციკლონმა “ბორისმა” ძლიერი ნალექი და წყალდიდობა გამოიწვია, რასაც სერიოზული ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. კერძოდ, ალპებში მოსული დიდი რაოდენობით წვიმის გამო რამდენიმე მდინარეში, მათ შორის, დუნაიში წყლის დონემ მოიმატა. სულ 24 ადამიანი დაიღუპა.
სააგენტო DBRS Morningstar-ზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ წყალდიდობის ეკონომიკურმა ზარალმა შესაძლოა, 1 მლრდ ევროს გადააჭარბოს.
ავსტრიულ საბანკო ჯგუფ Erste-ის ანალიტიკოსი, კატაჟინა რზენტარჟევსკიმ Euronews-ს განუცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში საკუთრებისა და წარმოების დაზიანების მთლიანი ეკონომიკური ეფექტი შესაძლოა, ქვეყნის მშპ-ის 0,2-0,5%-ს შეადგენდეს. მისი თქმით, წლის ბოლოს წყალდიდობის შედეგები ყველა დაზარალებულ ქვეყანაში სამრეწველო, ასევე, ტურისტული ინდუსტრიების მუშაობაზე გავლენას მოახდენს და მოსავლის დაზიანებამ შესაძლოა ინფლაციის ზრდა გამოიწვიოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ