„სანქციები, არასტაბილური სიტუაცია, გაურკვევლობა არჩევნებთან დაკავშირებით და მოლოდინები, რა თქმა უნდა, ქმნის რისკებს“,- ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილი bpn.ge-სთან ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ლარის კურსი ნაწილობრივ დამოკიდებულია არჩევნებზე, როგორ ჩაივლის. სოსო ბერიკაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში წინასწარი გათვლების გაკეთება თითქმის შეუძლებელია.
„სანქციები, არასტაბილური სიტუაცია, გაურკვევლობა არჩევნებთან დაკავშირებით და მოლოდინები, რა თქმა უნდა, ქმნის რისკებს და ეს რისკები რა მასშტაბის შედეგებს გამოიწვევს, ჩვენ არ ვიცით. შეიძლება, გაუფასურება ბევრად მეტი იყოს, შეიძლება არც, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია არჩევნებზე. 1 თვე დარჩა და ეს ყველაფერი როგორ ჩაივლის. რა საკვირველია, ეს სანქციების საკითხიც და მერე საბანკო სექტორის ჩართულობა, ან საერთოდ რა ფორმით იქნება ჩართული ამ ყველაფერში.
ასევე, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან. უბრალოდ, იმდენად არაპროგნოზირებადი გარემო არის, შეუძლებელია ლარის კურსის განსაზღვრა, თუნდაც ტენდენციების დონეზე. მითუმეტეს, შეუძლებელია რამე წინასწარი გათვლების გაკეთება. რაც შეეხება აშშ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემცირებას და მის გავლენას ლარზე, ჯერ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ცალსახად გაუფასურების ტენდენცია გვაქვს. 2-3 დღე და რყევები დიდს არაფერს ნიშნავს. საქართველო იმდენად პატარა ეკონომიკაა, პატარა ცვლილებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს ასეთი ტიპის რყევები. ამიტომ ჯერჯერობით რაღაც სახის ტენდენციაზე საუბარი ცოტა ნაადრევი მგონია“,- ამბობს სოსო ბერიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
აღნიშნულიდან მეორე დღესვე, ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 2 თეთრით, მესამე დღეს კი 3 თეთრით გაუფასურდა.