„დედამიწა ახლა დაპირისპირებულ ბანაკებად იყოფა, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით რუსეთის მხარეს, ცხადია, რომ აღმოვჩნდებით კედელს მიღმა“

„დედამიწა ახლა ძალიან იცვლება, დაპირისპირებულ ბანაკებად იყოფა,...თუ ჩვენ აღმოვჩნდებით რუსეთის მხარეს, ცხადია, რომ აღმოვჩნდებით კედელს მიღმა“,- ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ იურისტმა დავით ებრალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როცა საქართველო დასავლეთს აშკარად უპირისპირდება, ქვეყანა იმ გზას ადგას, რაც, თავის დროზე, ბელარუსმა გაიარა.

„ამერიკას აქვს „მაგნიტსკის აქტის“ გავრცელების სტრატეგია. ის ცდილობს განავრცოს ეს აქტი. როგორც წესი, ამას მოჰყვება ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან „მაგნიტსკის აქტის“ გამოცემა და შემდეგ ევროკავშირის „მაგნიტსკის აქტი“. დიდი ალბათობით, ამას უნდა ველოდოთ. ყველაზე ადვილად ამას ბრიტანეთი აკეთებს.

აქამდე იგულისხმებოდა, რომ საქართველო მჭიდრო პარტნიორობაში იყო აშშ-სთან, მაგრამ ახლა უპირისპირდება მას და აშკარაა, რომ ეს უკვე ტვირთია ქართული კომერციული ბანკებისთვის. ეს უკვე არის იმის ნიშანი, თუ რა დამოკიდებულება ექნება აშშ-ს საქართველოსთან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კურსი არ შეიცვლება, თუ ეს ხელისუფლება დარჩება თავისი შეხედულებებით. ასეთ ვითარებაში, ჩვენ აუცილებლად მივალთ იმ მდგომარეობამდე, როგორშიც არის ბელარუსი“,- აღნიშნა იურისტმა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს ეკონომიკა დღეს ბენეფიტებს ორივე პოლუსიდან იღებს, როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან, ეს კი დიდხანს აღარ გაგრძელდება. დასავლეთი თვალს არ დახუჭავს დემოკრატიის გაქრობაზე და იმ ეკონომიკურ არხებს, რომლითაც საქართველო ახლა სარგებლობს, აუცილებლად დახურავს.

„ახლა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს ის, რომ მას ერთი მხრივ, გახსნილი აქვს დასავლური არხები და მეორე მხრივ, რუსეთის და ჩინეთის არხები და ამ ბენეფიტებით ვაწარმოებთ ეკონომიკას, მაგრამ ისინი ხომ დროებით გვაძლევენ ამ შესაძლებლობებს, რომ იქნებ რაღაც გამოსწორდეს. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ცხადია, რომ ამ არხებს დაკეტავენ.

ჩვენ ახლა გვთვლიან, უბრალოდ, შავ ხვრელად, რადგან გვინდა წურბელასავით გამოვიყენოთ დასავლური აქტივები და არ გავხდეთ იმ საზოგადოების წევრი. მგონია, რომ ნათელია საით მივდივართ. გავდივართ გზას, რომელიც ბელარუსმა გაიარა, თანდათან ჩაიკეტა.

„ქართული ოცნება“ თავის ამომრჩეველს არწმუნებს, რომ თუ ის კიდევ ერთხელ მოიპოვებს ძალაუფლებას, დასავლეთი მასთან მოლაპარაკებაზე წავა, რადგან საქართველო სჭირდება. „ოცნების“ აზრით, დასავლეთი დაინახავს, რომ ხალხი აქ არაფერს წყვეტს და მათ უნდა ელაპარაკოს ამერიკა. თუმცა, მე არ მჯერა, რომ დასავლეთი ამაზე წავა და ხელს დაიბანს დემოკრატიაზე“,- განაცხადა იურისტმა.

მისი თქმით, ახლა მსოფლიოში არის დრო, როცა ქვეყნებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ, საქართველო კი გამონაკლისი ვერ იქნება, ხოლო თუ რუსეთს ავირჩევთ, ეს კედლის მიღმა დარჩენის ტოლფასი იქნება.

„დედამიწა ახლა ძალიან იცვლება, დაპირისპირებულ ბანაკებად იყოფა და არავინ მოგცემს საშუალებას, რომ ბენეფიტები დასავლეთიდანაც გქონდეს და ჩინეთიდან და რუსეთიდანაც. დედამიწა უკვე მივიდა იმ ზღვრამდე, რომ ფლირტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის აღარ არის. შენ უნდა იყო ან ერთ, ან მეორე მხარეს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ერთ მხარეს დგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მხრიდან ვერაფერს მივიღებთ. თუ ჩვენ აღმოვჩნდებით რუსეთის მხარეს, რუსეთის ბანაკში, რუსეთში, ცხადია, რომ აღმოვჩნდებით კედელს მიღმა“,- განაცხადა იურისტმა.

ნათია ზარიძე